
შსს: თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო
11/06/2025 13:38:00 სამართალი
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს", - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა 1982 წელს დაბადებული ნ.დ.
მანდატურის სამსახურის მიერ ნ.დ.-ს განემარტა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და დარბაზში არ იყო ადგილი.
ნ.დ. არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შემდგომ, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ნ.დ. საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
9 ივნისს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა 8 აქტივისტის პროცესი მიმდინარეობდა. როგორც ის ამბობდა, პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.
„გადავაადგილდებოდი პირველი დარბაზისკენ და მომვარდა დაცვა, აქ ნუ გადადიხარო, ჯაჯგური დამიწყო და ვუთხარი, მაჩვენე კანონი, რის საფუძველზე მეკრძალება, ვთქვათ, ორი მეტრის იქით არგადასვლა. ამ დროს დაუძახა და მომვარდა 10 კაცი, მანდატურები“, – თქვა დათაშვილმა.