
კობახიძე - ტუსკის განცხადებაზე: ეს არის შანტაჟი, მუქარა
12/06/2025 12:01:03 პოლიტიკა
სადავო ლეგიტიმაციის მქონე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლონეთის პრემიერის განცხადება, რომელიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას შეეხება "შანტაჟი და მუქარაა".
კობახიძის თქმით, ასეთი შანტაჟი მრავალი წელია გრძელდება და აქედან გამომდინარე ფიქრობს, შანტაჟი შანტაჟად დარჩება.
„გუშინ ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ რეალურად მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც, ბუნებრივია, არ აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად საქართველოში. მე იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ეს არჩევანი, მას ყველამ პატივი უნდა სცეს და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის შანტაჟი, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა, რეალურად, ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სეიმში გამოსვლისას განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირონ.
„ვკრებთ აუცილებელ უმრავლესობას, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან. დიახ, ეს ჩემი მიზანიც არის, სრულიად გააზრებულად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი – ქართველების ერთი მესამედი ნამდვილად იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, სად არის პრობლემა”, – განაცხადა ტუსკმა.
ტუსკის თქმით, საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება და უვიზო მიმოსვლა ყველა იმ ქვეყანას უნდა შეუჩერდეს, რომლებიც აღარ იცავენ ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ ევროპულ სტანდარტებს.
„ბოდიშს ვუხდი ქართველებს, თუ ვინმესთვის ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ ზოგადად, მე მხარს ვუჭერ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას იმ ქვეყნებთან, რომლებიც, საქართველოს მსგავსად, აღარ იცავენ ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ ევროპულ სტანდარტებს, ან საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში ან ზოგადად ევროპაში“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.