
საელჩო - ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე: აშშ-მა მკაფიოდ ჩამოაყალობა ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად
16/06/2025 20:06:00 პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო საქართველოში ელჩ რობინ დანიგანისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის, უაით ტოლკესის სადავო ლეგიტიმაციის მქონე საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„დღეს ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკესი საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რათა განეხილათ აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობა. შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსადმი თავისი მიდგომის გადახედვას ამერიკის ინტერესების გასაძლიერებლად. შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალობა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“, — ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი უაით ტოლკესი, ელჩ რობინ დანიგანთან ერთად, სადავო ლეგიტიმაციის მქონე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს დღეს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
„აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მზაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით“, — ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.