
„ჰელსინკის კომისია“: საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს - „ქართული ოცნების“ მთავრობამ ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს
17/06/2025 10:08:00 პოლიტიკა
აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია.
„200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია“ - აცხადებს „ჰელსინკის კომისია“, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, სენატორ ჯინ შაჰინის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება.
„ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა სულ უფრო „ლაჩრული ხდება“ და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის „გატაცების შესახებ ცნობები დემოკრატიაზე დარტყმაა“.