
რუსული სახელმწიფო კომპანიის სანქცირებული ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა
17/06/2025 12:01:47 პოლიტიკა, სამართალი, ეკონომიკა
რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „როსსეტის“ დელეგაცია აღმასრულებელი დირექტორის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და შვეიცარიის მიერ სანქცირებული ანდრეი რიუმინის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა.
რიუმინმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრები გამართა საქართველოს ენერგეტიკული კომპანიებისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ინფორმაცია თავად რუსულმა კომპანიამ გაავრცელა.
კომპანიის განცხადების თანახმად, ქვეყნის უდიდესი ენერგეტიკული კომპანიის, „საქრუსენერგოს“ (აქციების 50%-იანი წილები „როსსეტის“ და საქართველოს მთავრობის საკუთრებაშია) მენეჯმენტთან შეხვედრაზე განიხილეს ელექტროქსელის საიმედოობის, მიმდინარე შედეგებისა და საინვესტიციო გეგმების საკითხები. ასევე შეჯამდა 2024 წლის წარმოებისა და ფინანსურ-ეკონომიკური შედეგები.
ელექტროენერგიის გადაცემასა და დისპეტჩერიზაციაზე პასუხისმგებელი სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სივრცეში მხარეებმა განიხილეს რუსეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე გამავალი 500 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის, „კავკასიონის“ შეუფერხებელი მუშაობის საკითხი.
"ასევე შეხვედრა გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელზეც განიხილეს ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და მშენებლობასთან დაკავშირებულ ერთობლივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ „საქრუსენერგოს“, „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გაუვრცელებიათ.
განახლება:
ვიზიტის შესახებ, რადიო თავისუფლების შეკითხვის პასუხად, ეკონომიკის სამინისტროდან მოსწერეს:
"სს „საქრუსენერგო“, რომელიც 1996 წელსაა დაფუძნებული საქართველოსა და რუსეთის მიერ ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების საფუძველზე. სააქციო საზოგადოების აქციონერები არიან: საქართველოს სახელმწიფო, რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50% და რუსეთის ფედერაციის მხრიდან – საჯარო სააქციო საზოგადოება „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური საქსელო კომპანია“ (ПАО «ФСК ЕЭС»), რომლის საკუთრებაშია საზოგადოების აქციათა 50%.“საქრუსენერგო” ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის სისტემათაშორის, საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500 კვ ეგხ „კავკასიონს”, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500 კვ ეგხ „მუხრანის ველს” და 330 კვ ეგხ „გარდაბანს” , საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 220 კვ ეგხ „აჭარას” . ასევე, შიდა სასისტემო 500 კვ ელექტროგადამცემ ხაზებს: „იმერეთს”, „ქართლი-1”-ს , „ქართლი-2”-ს , „მუხრანს” და „ასურეთს“ .სააქციო საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა აქციონერთა საერთო კრება, რომელიც, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება, რომლის დროსაც მხარეები განიხილავენ კომპანიის საფინანსო მდგომარეობას, ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას და სხვა აქტუალურ საკითხებს.კომპანიაში საქართველოს მხარეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამდენად, აქციონერთა საერთო კრების ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კომპანიასთან დაკავშირებულ საკითხებზე."
დიდმა ბრიტანეთმა რიუმინი სანქციების სიაში იმავე დღეს, 2022 წლის 15 მარტს, შეიყვანა კომპანიების, "Роснефти-სა" და "Яндекс-ის" კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად. ის ე.წ. აქტივების გაყინვის სიაში (asset freeze list) შეიყვანეს - მისი აქტივები დიდ ბრიტანეთში გაყინულია, ბრიტანულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მასთან საქმიანი ურთიერთობა ეკრძალებათ, ხოლო თავად მას ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირის მსგავსად, მას პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენად მიიჩნევენ სტრატეგიულ სექტორში, რომელსაც სახელმწიფო შემოსავალი მოაქვს.
კანადამ რიუმინს სანქციები 2022 წლის 18 მაისს დაუწესა. კანადის მთავრობის განცხადებით, ეს არის პასუხი უკრაინაში „რუსეთის აგრესიაზე“ და ზომა „ოლიგარქებისა და მათი გარემოცვის“ წინააღმდეგ. სანქციები მიმართულია პუტინთან დაახლოებული სახელმწიფო მენეჯერების, მათ შორის „როსსეტის“ აღმასრულებელი დირექტორის, ანდრეი რიუმინის მიმართ. კანადამ გაყინა ქვეყნის ტერიტორიაზე რიუმინის აქტივები და კანადელებს მასთან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება აუკრძალა.
შვეიცარიამ ევროკავშირის მიერ დაწესებული ზომები გაიზიარა და რიუმინს სანქციები 2022 წლის 16 მარტს დაუწესა.
მანამდე ოპოზიციური ტელეკომპანია „პირველი“ იუწყებოდა, რომ კომპანიაში დასაქმებული იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და პარლამენტის ყოფილი წევრები, მათ შორის ლექსო თამაზაშვილი (ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა), დავით ლორთქიფანიძე (პარლამენტის ყოფილი წევრი), ნუგზარ ჩიქოვანი (თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მამა). თეატრმცოდნე თეა გაბადაძე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენის, ნოშრევან ნამორაძის ცოლისდა, დღემდე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.