
ლონდა თოლორაია: თუ უსამართლობა ჯერ ყველამდე არ მოვიდა, მოვა!
18/06/2025 16:16:00 პოლიტიკა
უსამართლობა ჯერ თუ ყველამდე არ მოვიდა, მოვა! ასეთ ყოფაში, რაშიც ახლა ჩვენ ვართ, უსამართლობა ძვალსა და რბილში გაატანს და როცა მედიის ძებნას დავიწყებთ - აღარ იქნება, როცა კომპეტენტური, მიუკერძოებელი და უფასო იურისტის ძებნას დავიწყებთ - ვეღარ ვიპოვით და ძალიან მძიმე იქნება ეს! - ამის შესახებ ორგანიზაცია “კანონის უზენაესობის ცენტრის“ დამფუძნებელი ლონდა თოლორაია აცხადებს.
თოლორაია აღნიშნავს, რომ ახალი, ისტერიულად მიღებული ე.წ. კანონების მიზანი უკანონობასთან ბრძოლა არ არის. მისი განაცხადებით, მიზანი მხოლოდ ერთია - ყველას და ყველაფრის განადგურება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, აზროვნებს, მოქმედებს.
„ძალიან მძიმე საყურებელია, რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით, რას ნიშნავს, როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ და ვერც გარეთ იპოვით ადამიანებს, ვინც დაგეხმარებიან უსამართლობასთან ბრძოლაში - გაშუქებაში, სამართლებრივ ბრძოლაში და ა.შ.
15 წელი სახელმწიფო უწყებებში ვიმუშავე. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევა, როცა არ მომწონებია კრიტიკა, რომელიც მედიიდან ან არასამთავრობო სექტორიდან მესმოდა. ზოგჯერ, უსამართლოდაც ჩამითვლია ეს კრიტიკა, უსაფუძვლოდაც, თუმცა არასდროს წარმომედგინა რომ ამ ”პრობლემის” გადაჭრის გზა ამ სექტორების გაუქმება, განადგურება იყო. ამ სექტორებთან შეგიძლიათ ლაპარაკი, პოლემიკა, დებატი, სადაც თუ მართალი ხარ, ისედაც იმარჯვებ შენი არგუმენტებით და ქმნი საზოგადოებრივ აზრს.
ვისაც დღემდე გგონიათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ან რაიმე ”უკანონო ქმედებების” აღსაკვეთად ხდება, ძალიან ცდებით. 2002 წლიდან კანონების კითხვის მეტი არაფერი მიკეთებია და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად კანონები ყოველთვის გვქონდა (რითიც მანიპულირებენ). ამ ახალი, ისტერიულად მიღებული ე.წ. კანონების მიზანი არაა უკანონობასთან ბრძოლა, ამის მიზანი მხოლოდ ერთია - ყველას და ყველაფრის განადგურება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, აზროვნებს, მოქმედებს.
კრიტიკასთან ამ ისტერიული ”ომის” მიზანიც თქვენი გაჩუმებაა. ხომ ვეღარ გამოხატავთ თქვენს აზრებს ნაცნობებთან, კოლეგებთან, ისე თამამად, როგორც ერთი წლის წინ? დიახ, ესაა მიზანი. ჩემთვის კრიტიკის ლექსიკა, რაც ზოგჯერ მართლა ძალიან უცენზუროდაა საჯაროდ გამოხატული, მიუღებელია, მაგრამ ეს მორალის საკითხია. შეგვიძლია მოგვწონდეს, არ მოგვწონდეს, გვიყვარდეს ან არ გვიყვარდეს ადამიანი, რომელიც საკუთარ აზრს ჩვენთვის მიუღებელი ფორმით გამოხატავს, მაგრამ რეპრესიები მოვუწყოთ ამ ადამიანებს - არაფერში ჯდება.
და კიდევ, სისტემური უსამართლობისგან დაღლილი როცა იქნებით, დამიჯერეთ, რთულია ლამაზი სიტყვებით გამოხატო აზრი. აბა გადახედეთ საკუთარ ქცევებს, როცა ნერვები უკვე დაწყვეტაზე გაქვთ.
ეს ხალხი (ნჯო სექტორიდან, მედიიდან) მის გზას იპოვის - აქვთ საკმარისი განათლებაც, უნარებიც, კონტრაქტებიც და არც სამსახურის დაკარგვის შიში აქვთ (ამ ქვეყანაში ეს შიში ხომ ყველაფერს აკეთებინებს უმრავლესობას). მაგრამ მართლა ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ვანადგურებთ.
უსამართლობა ჯერ თუ ყველამდე არ მოვიდა, მოვა. ასეთ ყოფაში, რაშიც ახლა ჩვენ ვართ, უსამართლობა ძვალსა და რბილში გაატანს. და როცა მედიის ძებნას დავიწყებთ - აღარ იქნება, როცა კომპეტენტური, მიუკერძოებელი და უფასო იურისტის ძებნას დავიწყებთ - ვეღარ ვიპოვით. და ძალიან მძიმე იქნება ეს“, - აცხადებს ლონდა თოლორაია.