
კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სასამართლოს შენობაში, დარბაზსა და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება
23/06/2025 22:51:00 პოლიტიკა
სასამართლოში - სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება.
ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონის პროექტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება.
ამავე კანონის პროექტის თანახმად, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.