Accentnews.ge
"ქართული ოცნება", მათ შორის სანქცირებულ მოსამართლეებს ხელფასებს, სულ მცირე, უორმაგებს

"ქართული ოცნება", მათ შორის სანქცირებულ მოსამართლეებს ხელფასებს, სულ მცირე, უორმაგებს

24/06/2025 10:02:00 პოლიტიკა, სამართალი

"ქართული ოცნება", მათ შორის სანქცირებულ მოსამართლეებს ხელფასებს, სულ მცირე, უორმაგებს. კერძოდ, ამას ითვალისწინებს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რის შედეგადაც საქალაქო, რაიონული, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეების თვიური ანაზღაურება ორჯერ და მეტად იზრდება.

ხელფასები ეზრდებათ, მათ შორის, აშშ-ის, ბრიტანეთის, ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ სხვადასხვა დროს სანქცირებულ მოსამართლეებს, მათ შორის ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძესა და ირაკლი შენგელიას.

ცვლილებების თანახმად, მოსამართლეთა სახელფასო განაკვეთები განისაზღვრება გარკვეული წესით და მოჭრილი თანხები აღარ გაიწერება. კერძოდ, ხელფასი ებმის სახელმწიფო ბიუჯეტს, უფრო ზუსტად, ბიუჯეტის კანონით დადგენილ „საბაზოთანამდებობრივ სარგოს“.  ფინანსთა სამინისტროს/ბიუჯეტის 2025 წლის კანონის განმარტებით, საბაზოთანამდებობრივი სარგო ამჟამად განსაზღვრულია 1 460 ლარის ოდენობით.

ცვლილებების თანახმად, თანამდებობრივი სარგო გამრავლდება ინსტანციების მიხედვით „მოსამართლეთათვის მიკუთვნებულ კოეფიციენტებზე“ და მიიღება მოსამართლეთა თვიური ხელფასი. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისათვის განსაზღვრული კოეფიციენტია 10,00; მისი პირველი მოადგილისათვის - 9,20 და ა.შ.. სწორედ ამ კოეფიციენტების 1 460 ლარზე გამრავლებით მიიღება მოსამართლეთა თვიური ხელფასი.

ასე მაგალითად, თუკი ამჟამად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ხელფასია 7 000 ლარი, ცვლილებებით, მისი ანაზღაურება 14 600 ლარამდე იზრდება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (გიორგი მიქაუტაძე) - 6 500 ლარის ნაცვლად 13 432 ლარს აიღებს;

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (ლევან თევზაძე) - 6 300 ლარის ნაცვლად – 13 140 ლარს;

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები (ყველა მოსამართლე, რომლებსაც არ უკავიათ ზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობა) – 6 000 ლარის ნაცვლად – 12 410 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე (მიხეილ ჩინჩალაძე) - 5 800 ლარის ნაცვლად – 12 264 ლარს;

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (ირაკლი შენგელია) – 5 600 ლარის ნაცვლად – 12 118 ლარს;

სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე (სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატები და საგამოძიებო კოლეგია) – 5 300 ლარის ნაცვლად – 11 972 ლარს;

სააპელაციო სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე – 5 000 ლარის ნაცვლად – 11 826 ლარს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე (ვასილ მშვენიერაძე) - 4600 ლარის ნაცვლად – 11 972 ლარს;

სხვა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარეები – 4 600 ლარის ნაცვლად – 11 388 ლარს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები - 4 300 ლარის ნაცვლად – 11 388 ლარს;

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარეები – 4 300 ლარის ნაცვლად – 10 950 ლარს;

რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე – 4 000 ლარის ნაცვლად – 10 512 ლარს.

კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები არიან „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ წევრები არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.

ამავე თემაზე: ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი : არც კი ვიცი, რა სიტყვა გამოვიყენო დემონსტრანტების სასჯელებზე საუბრისას, მოსამართლეების დასანქცირების საკითხს კვლავ განვიხილავთ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S