Accentnews.ge
აზერბაიჯანმა რუსეთთან დაკავშირებული ღონისძიებები გააუქმა

აზერბაიჯანმა რუსეთთან დაკავშირებული ღონისძიებები გააუქმა

29/06/2025 20:45:04 კავკასია

აზერბაიჯანმა გააუქმა ყველა რუსული კულტურული ღონისძიება ეკატერინბურგში პოლიციის რეიდების დროს აზერბაიჯანის ორი მოქალაქის დაღუპვის საპასუხოდ. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, რუსმა სამართალდამცველებმა 27 ივნისს ქალაქ ეკატერინბურგში აზერბაიჯანელი მოქალაქეების სახლები დაარბიეს, რის შედეგადაც, მათივე ცნობით, მოკლულია ორი აზერბაიჯანელი, დაშავებულია რამდენიმე, ხოლო დაკავებულია ცხრა პირი.

აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონცერტები, გამოფენები, ფესტივალები და სპექტაკლები გაუქმდა „რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეკატერინბურგში ეთნიკურ საფუძველზე აზერბაიჯანელების წინააღმდეგ სასამართლო განჩინების გარეშე განხორციელებული ძალადობის“ გამო.

ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაქოში რუსეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული გაიწვია, მოითხოვა შემთხვევის სრული გამოძიება და პასუხისმგებელ პირთა დასჯა.

აზერბაიჯანის მთავრობამ ასევე გააუქმა რუსეთის ვიცე-პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი.

„აზერბაიჯანის მთავრობა არ მიიჩნევს მიზანშეწონილად ამჟამინდელ გარემოებებში ოვერჩუკის ან რუსეთის ვინმე სხვა ოფიციალური წარმომადგენლის ვიზიტს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება რუსეთის მხარის პოზიციას, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რეიდები წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ნაწილი იყო.

როგორც მედია წერს, ოპერაცია 2001 წელს იუნის ფაშაევის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. გარდაცვლილი პირები სწორედ ამ საქმეში არიან მთავარი ეჭვმიტანილები. ეკატერინბურგში მცხოვრები იუნის ფაშაევი, რომელსაც ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა, 2001 წლის მაისში გარდაცვლილი იპოვეს. მას სამზარეულოს დანებით მრავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მედიის ცნობით, მკვლელობამდე ფაშაევმა უარი თქვა ეთნიკური ბანდისთვის ფულის გადახდაზე. საქმე 24 წლის განმავლობაში გაუხსნელი იყო.

ამასთან, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა, თვეებია, გრძელდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უარი თქვა მაისში მოსკოვში, „დიდ სამამულო ომში გამარჯვების“ 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ აღლუმში მონაწილეობაზე.

მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობა დეკემბერში ყაზახეთში აზერბაიჯანული თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ დაიძაბა. კატასტროფის შედეგად 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე დაზიანდა რუსული ძალების მიერ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და მას „ტრაგიკული ინციდენტი“ უწოდა, თუმცა მომხდარზე რუსეთს პასუხისმგებლობა არ აუღია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S