
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის მთავრობას, გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის „დამოუკიდებლობის“ აღიარება
03/07/2025 18:01:00 პოლიტიკა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა პორტოს დეკლარაციით მოუწოდებს სირიის მთავრობას, „გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება და აღიაროს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.
ამასთან, დეკლარაციის თანახმად, „ასამბლეა უარყოფს ნებისმიერ მცდელობას, ლეგიტიმურობა მიანიჭოს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ მყოფ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ „არჩევნებს“, მათ შორის 2025 წლის 2 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“, რომელიც არ არის აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ და წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის“.
პორტოს დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ძალების კონფლიქტამდელ პოზიციებზე დაუყოვნებლივ გაყვანისკენ, დაზარალებულ რაიონებში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი წვდომისკენ, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობისკენ“.
მცირე ხნით ადრე, 25 ივნისს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი „სამუშაო ვიზიტით“ იმყოფებოდა სირიაში. დე ფაქტო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მას თან ახლდა მოადგილე ირაკლი ტუჟბა.
მანამდე, 18 ივნისს, „ქართული ოცნების“ ლიდერების, შალვა პაპუაშვილისა და ნიკოლოზ სამხარაძის თურქეთში ვიზიტისას, საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარეს სთხოვა სირიასთან შუამდგომლობა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით.
ერთი თვით ადრე კი, 17 მაისს, ამერიკელმა კონგრესმენმა, „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
2025 წლის 31 იანვარს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოდან, - რომლებიც არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას სადავო საპარლამენტო არჩევნებში, - ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ შექმნილ ტრანზიციულ მთავრობას მიმართა ამავე მოწოდებით.
დღეს მიღებული დეკლარაციით, ასევე, საქართველოზე ცალკე მიღებული რეზოლუციით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ხაზი გაუსვა ცვლილებებს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში და შეშფოთება გამოხატა „რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების განმტკიცების გამო“ - „საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში“.
დეკლარაციამ კი მოითხოვა საქართველოში „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, „რუსული სტილის ყველა კანონის გაწვევა“ და ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.