აშშ–ის ელჩი – ლავროვის შესაძლო ვიზიტზე: "საქართველო როგორ შეძლებდა, მისთვის ქვეყანაში შემოსვლის ნება დაერთო"
06/03/2020 18:57:24 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩის კელი დეგნანისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა დაუშვან ქვეყანაში ის, ვისაც საქართველოს კანონი არაერთგზის აქვს დარღვეული. ამის შესახებ დიპლომატმა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტს განუცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა მინისტერიალის გეოგრაფიული ადგილის შეცვლისა და საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტზე დიპლომატის აზრით.
"თუკი მან [საქართველოს მთავრობამ] გადაწყვიტა, რომ ღონისძიება ჩატარდეს სტრასბურგში, არ მგონია, ეს უპრეცედენტო მოვლენა იყოს – ადრეც მომხდარა, ყოფილა პრეცედენტი. როგორც ვიცი, რუსეთი არ აპირებდა მკაფიოდ ეთქვა, ვის გამოგზავნას გეგმავდა დელეგაციის ხელმძღვანელად. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეცა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში შემოსვლის ნება პირისთვის, ვინც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონები და სრულად უგულებელყო ისინი აფხაზეთში ჩასვლით. ეს საქართველოს აყენებს პოზიციაში, როცა არ წარმომიდგენია, როგორ შეძლებდა ქვეყანაში შემოსვლის ნება დაერთო მისთვის. ეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, თუმცა ღონისძიების სტრასბურგში ჩატარება არ არის უპრეცედენტო მოვლენა",– განაცხადა საქართველოში აშშ–ის ელჩმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ცნობისთვის: საქართველომ მაისში ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს, მაგრამ საქართველოს მთავრობის გადაწტვეტილებით ღონისძიება თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მანამდე კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ თბილისი გამონაკლისს დაუშვებს "ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ" კანონის დამრღვევი რუსეთის მოქალაქეებისათვის და ისინი მაისში თბილისში დაუბრკოლებლად ჩამოსვლას შეძლებენ. მსგავს მიწვევას საქართველოს სამოქალაქო სზოგადოებასა და პოლიტიკური სპექტრის ნაწილში უარყოფითო რეაქცია მოჰყვა. მეორე დღეს განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომლის თქმით, „რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნება მიღებული“.


