Accentnews.ge
კუპრაძე - ყაველაშვილზე: მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით!

კუპრაძე - ყაველაშვილზე: მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით!

04/07/2025 21:05:00 პოლიტიკა


არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება, ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით , - ამის შესახებ „ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას, რომელმაც შესთავაზა ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართოს განცხადებით შეწყალებაზე და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რის შემთხვევაშიც დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შეწყალების თაობაზე.

ირაკლი კუპრაძის თქმით მიხეილ ყაველაშვილის განცხადება ბიძინა ივანიშვილის შიშების დემონსტრირებაა.

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პრეზიდენტის მხრიდან სასაცილო და უბადრუკი მცდელობა ივაჭროს პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით. ჩვენი პასუხი მარტივია, ჩვენ ამ ვაჭრობაში არ შევდივართ რუსულ რეჟიმთან. მიუხედვად იმისა, რომ არ მაქვს შესაძლებლობა დავეკონტაქტო პატიმრობაში მყოფ ჩვენს ლიდერებს, დროის, შეზღუდვების და შესაბამისი წესების მიხედვით, რითაც საპატიმრო დაწესებულებები სარგებლობენ, მე, როგორც „ლელოს“ გენერალური მდივანი და მათი მეგობარი, ვიცი თუ რა ღირებულებებით ცხოვრობენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაგფარიძე, რა პრინციპებით და ღირსებით იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს და სჯერათ ბრძოლის და გამარჯვების, მათთან შეუთანხმებლად, თუმცა რწმენით, რომ ეს არის 100%-ით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია, ვაცხადებ: არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით.

ყაველაშვილის ეს უბადრუკი მცდელობა არის ივანიშივლის შიშების დემონსტრირება, რომ მორალური დილემებით გაართულოს ოპოზიციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ვიბრძოლოთ ყველა ველზე“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის:  მიხეილ ყაველაშვილი დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს სთავაზობს, „დაადასტურონ“, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, სთხოვონ მას შეწყალება და ასეთ შემთხვევაში მათ შეწყალებას ჰპირდება.

„ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე“, -  წერს მიხეილ ყაველაშვილი ფეისბუკზე 4 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

არჩევნები სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დანიშნული, თუმცა ოპოზიციის ნაწილი (რვა პოლიტიკური პარტია) მას ბოიკოტს უცხადებს.

ყაველაშვილი აცხადებს, რომ „მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს“.

„ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს“, - წერს ის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S