
თენგიზ შარმანაშვილი – თორნიკე რიჟვაძეზე: "დადგენილია, რომ ეს წერილი მართლა მისი დაწერილია?"
07/07/2025 16:20:00 პოლიტიკა, სამართალი
„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, დასადგენია, ნამდვილად აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის დაწერილია თუ არა წრილი, რომელსაც პროსახელისუფლებო მედია ავრცელებს.
„დადგენილია, რომ ეს წერილი მართლა მისი დაწერილია? როგორ დაადგინეს, ექსპერტიზა ჩატარდა? ეს ასე არ ხდება. თუ გამოძიება დაადგენს, რომ მან წერილი დაწერა და თუ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ნამდვილად მისი დაწერილია, გამოძიება ამას შეაფასებს და შესაბამის კვალიფიკაციას მისცემს... ამ წერილის ასლიც არ დევს ხომ? მოყოლით იციან ამაზე. მისი ოჯახი დაცული იქნება ყველა შემთხვევაში, ისევე როგორც ჩემი და თქვენი ოჯახი. ამ ქვეყანაში ყველას ოჯახი დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის: დღეს ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც „გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა“, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. მოგვიანებით, იგი საგარეჯოდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული.
საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. ვრცელდება წერილი, რომელიც, რიგი მედიასაშუალებების მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძის დაწერილია და მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა.
წერილის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერი წერია.
"კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ მძიმე მდგომარეობაში შეყვანილი პაციენტების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და პირადი ნივთები გადაეცემათ მხოლოდ ოჯახის წევრებს ან კანონით დადგენილ შემთხვევაში - პოლიციას. მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას გამორიცხავენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც", – იუწყება "რადიო თავისუფლება".
რიჟვაძის საქმეზე პოლიციამ უკვე დააკავა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. მას ედავებიან იარაღის დაუდევრად შენახვას. ამ შემთხვევაში საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2018 წლიდან იყო. იგი თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს გადადგა.