
შალვა პაპუაშვილი: მძიმე შემთხვევაა, სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს
07/07/2025 14:46:00 პოლიტიკა, სამართალი
"რა თქმა უნდა, მძიმე შემთხვევაა. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თორნიკე რიჟვაძეს", - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეს.
მისი თქმით, "გამოძიება ყველა დეტალს გაარკვევს".
„ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება ყველა დეტალს გაარკვევს. თქვენს ვერსიებზე შეგიძლიათ თქვენ იფიქროთ. შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. გამოძიება დაადგენს. სხვა დეტალი მე არაფერი არ ვიცი. ოპოზიცია რას იტყვის ახლა.. ოპოზიციის ნათქვამზე ხომ არ არის... მოხდა მძიმე შემთხვევა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: დღეს ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც „გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა“, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. მოგვიანებით, იგი საგარეჯოდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული.
საქმე აღძრულია „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. ვრცელდება წერილი, რომელიც, რიგი მედიასაშუალებების მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძის დაწერილია და მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა.
წერილის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერი წერია.
"კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ "რადიო თავისუფლებას" უთხრეს, რომ მძიმე მდგომარეობაში შეყვანილი პაციენტების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და პირადი ნივთები გადაეცემათ მხოლოდ ოჯახის წევრებს ან კანონით დადგენილ შემთხვევაში - პოლიციას. მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას გამორიცხავენ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც", – იუწყება "რადიო თავისუფლება".
რიჟვაძის საქმეზე პოლიციამ უკვე დააკავა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. მას ედავებიან იარაღის დაუდევრად შენახვას. ამ შემთხვევაში საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2018 წლიდან იყო. იგი თანამდებობიდან 2025 წლის 4 აპრილს გადადგა.