
ზურა ვარდიაშვილი: სასამართლოს მანდატურის უფროსი მეცა, შემათრია, პირადობა ჩამომართვა – კანონის წინაშე აგებ პასუხსო
22/07/2025 14:26:00 პოლიტიკა
გამოცემა “პუბლიკას” დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა ძალადობით შეიყვანა შენობაში, წაართვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და წააშლევინა მისი ძალადობრივი ქმედების ამსახველი ვიდეო.
როგორც ვარდიაშვილი ჰყვება, გიორგი ახობაძის სხდომის პარალელურად, მოქალაქეთა ნაწილი, ვინც დარბაზის სიმცირის გამო ვერ მოახერხა შესვლა, გადაწყვეტილებას ელოდებოდა დერეფანში. მათ შორის იყო პარტია “ახალის” წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე, რომლიც დერეფანში სკამზე იჯდა.
როგორც ვარდიაშვილი ყვება, სასამართლოს მანდატურების უფროსი, დავით მარტიაშვილი ჩაჩანიძესთან მივიდა და შენობის დატოვება მოსთხოვა.
“ეს კაცი ზოგადად აგრესიულობითაა ცნობილი, მაგრამ ახლა მთლად სახე ჰქონდა წაშლილი – ნოდარს უყვიროდა რომ მას უხდიან აქტივიზმში, იწვევდა პროვოკაციაზე. ნოდარმა, შენ ის არ ხარ გოგო რომ ჩაასმევინე ციხეშიო? ამაზე ამხელა კაცი ცერცვივით ახტა და ნოდარს ეცა, სხვა მანდატურებიც დაეტაკნენ და დაიწყეს მისი გათრევა.
დერეფანში არ გადამიღია. სიმართლე გითხრათ, რატომღაც თავიდან ამომივარდა, რომ ქოცებმა გადაღების აკრძალვა ეზოსაც შეახეს. გავედი ეზოში და ის მომენტი გადავიღე როცა მანდატურებმა ნოდარი გარეთ გამოისროლეს.
ეს დაინახა მატიაშვილმა და მეცა. ტელეფონი ისეთი სისხარტით გამომტაცა ამ ზონზროხა კაცმა, რომ ეტყობა ვარჯიშობს ამაში. მერე შემათრიეს იმ თავიან ოთახში.
მატიაშვილი შოკში ჩააგდო ჩემმა ხაზგასმულმა სიმშვიდემ და ღიმილმა, რაღაცნაირ გამოწვევად აღიქვა. პირადობა მომთხოვა და დამემუქრა, პასუხს აგებო. შემაშინა თავისი ჭკუით. ჩემს ტელეფონში ვიდეოს წასაშლელად ფასვორდი მომთხოვა. ტელეფონი ბავშვის სურათებით მაქვს სავსე და ცხადია არ მინდოდა თავისი ჭუჭყიანი ხელები ეფათურებინა, გამოვართვი და თვითონ წავშალე ჩემი ორწამიანი “უკანონო” ვიდეო. ნოდარის გამოსროლის”, – ჰყვება ზურა ვარდიაშვილი.
მომხდარს იხსენებს თავად ნოდარ ჩაჩანიძეც. როგორც ის ამბობს, მატიაშვილის გაღიზიანება გამიწვია მისმა შეიშვნამ იმის შესახებ, რომ “შენს გამო გუშინ 23 წლის გოგო დააკავეს”.
“მანდატურის სამსახურის უფროსმა, დავით მატიაშვილმა, იმის გამო გამომაძევა სასამართლოს შენობიდან რომ პასუხი გავეცი მის უნამუსო შეურაცხყოფას:
– რამდენს გიხდიან აქ რომ მოხვედი?
– მე სინდისის პატიმრების და ჩვენი მეგობრების გვერდით ვარ თითქმის ყოველ დღე ამ შემობაში… შენს გამო გუშინ 23 წლის გოგო დააკავეს… ეს შენ გიხდიან იმისთვის რომ ყველაფერი იკადრო.
ამის შემდეგ ჭიდაობის ილეთებით, რამდენიმე მანდატურმა იძულებით გამომიყვანა შენობიდან…”, – წერს ჩაჩანიძე.
ჩაჩანიძე გულისხმობს ქეთა დაუდიშვილის, რომელიც გუშინ, 21 ივლისს, სანქცირებულმა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 2-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა. დაუდიშვილს მარტიაშვილის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. მატიაშვილი დაუდიშვილსაც ისე დაემუქრა, რომ “ციხეში ჩაასმევინებდა”, როგორზ ზურა ვარდიაშვილს – კანონის წინაშე პასუხისგებით.
ინციდენტი მოხდა 25 ივნისს, პოეტ ზვიად რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების განხილვის დღეს. როგორც დაუდიშვილი ჰყვება, მატიაშვილმა ის სხდომათა დარბაზიდან ძალით გაიყვანა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა, რასაც მისი მხრიდან ემოციურ ფონზე მოჰყვა საპასუხო შეურაცხყოფა.
ქეთა დაუდიშვილისა და მისი ადვოკატების თქმით, ეს კონფლიქტი სწორედ მანდატურების უფროსის მხრიდან პროვოცირებული იყო, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი სასამართლოში. განსაკუთრებით მაშინ, როცა განაჩენებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გამოცხადებამდე, მატიაშვილი მანდატურებს აძლევს ბრძანებას, რომ გაწმინდონ დერეფნები. ამ დროს იწყება ძალადობა და ღვივდება კონფლიქტი მოქალაქეებსა და მანდატურებს შორის