ინფორმაცია და ფოტოები დღეს საღამოს, 25 ივლისს გამოაქვეყნა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
ტალიაშვილმა დონალდ ტრამპთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან ფოტოების გადაღების შემდეგ თქვა, რომ ეს იყო „მნიშვნელოვანი დღე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში“.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ ტრამპს გადასცა თავისი მთავრობის „მნიშვნელოვანი გზავნილები“ ურთიერთობებში „ახალი ფურცლის გადაშლის“ შესახებ.
„მე მას ასევე გადავეცი საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის, საქართველოს პრემიერის, პრეზიდენტის კეთილი სურვილები, მათი მილოცვები, ასევე ის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია აშშ-ის მიმართ და რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, გადაიშალოს ახალი ფურცელი ჩვენს ურთიერთობებში და ის დაემყაროს ურთიერთსარგებელს, ჩვენი პარტნიორობა გახდეს მტკიცე და კიდევ უფრო გაძლიერდეს ის ხალხთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს“, - საგარეო უწყების თანახმად, ასე განაცხადა ტალიაშვილმა.
თამარ ტალიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ:
- „ჩვენ დიდი ხელშეწყობა გვქონდა, რათა ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად და მალე განხორციელებულიყო“;
- „გუშინ ასევე მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩ მონიკა ქრაულისთან. ეს შეხვედრა წარიმართა ძალიან მეგობრულ ატმოსფეროში“.
აშშ-საქართველოს ურთიერთობები
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2025 წლის 10 ივნისს განაცხადეს, რომ თამარ ტალიაშვილმა მიიღო აგრემანი აშშ-ის ადმინისტრაციისგან;
ამჟამად შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.
რობინ დანიგანმა 7 ივნისს განაცხადა, რომ ტოვებს ელჩის თანამდებობას - პირადი გადაწყვეტილებით.
რობინ დანიგანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ელჩის თანამდებობის დატოვება იყო მისი პირადი გადაწყვეტილება.
მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებისგან უპირველეს ყოვლისა „ელის ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტას“.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა სანქციები მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.
- ელჩმა რობინ დანიგანმა 3 ივლისს რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სურდა ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა, რადგან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წერილზე ჰქონდა პასუხი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსგან.
- მისი თქმითვე, სწორედ მარკო რუბიომ სთხოვა, რომ ეს პასუხი ბიძინა ივანიშვილისთვის პირადად გადაეცა, თუმცა ივანიშვილისგან შეხვედრაზე უარი მიიღო. ეს იყო ელჩის ბოლო ინტერვიუ საქართველოში.
- „ამასობაში, სანამ ჩვენ [დახურულ კორესპონდენციაზე] პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. და მაშინ მე მივედი პრემიერ-მინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. და ბიძინა ივანიშვილმა თქვა უარი“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.
- 21 ივლისს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობაში არ იცოდნენ, „რა მისამართიდან მოდიოდა“ გზავნილი, რომელიც, საელჩოს ოფიციალური განცხადებით, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ეკუთვნოდა და განკუთვნილი იყო მილიარდერი ექსპერმიერისადმი, ბიძინა ივანიშვილისადმი.