Accentnews.ge
აშშ-ის საელჩო: წვრთნები, „მტკიცე სული“, ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას

აშშ-ის საელჩო: წვრთნები, „მტკიცე სული“, ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას

29/07/2025 10:58:29 საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას,- ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ქვეყანაში NATO-ს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლების - „მტკიცე სული“ გამართვას.

როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სწავლების მიზანი პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობაა.

„პარტნიორობის გაძლიერება და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობა!

ცოტა ხნის წინ, Agile Spirit 2025 წვრთნების ფარგლებში, აშშ-ის არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის 91-ე კავალერიის პოლკის პირველი ასეულის სამხედროებმა ქართველ კოლეგებთან ერთად კონვოირების ოპერაცია განახორციელეს.

კონვოირება სენაკის სასწავლო პოლიგონიდან ვაზიანის სასწავლო პოლიგონამდე განხორციელდა. აღნიშნული წვრთნები ნათლად ასახავს აშშ-ის ერთგულებას შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მიმართ, აგრეთვე მოკავშირეთა თანამშრომლობის ძალასა და მნიშვნელობას“,- წერია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 ივლისს ოფიციალურად გაიხსნა აშშ-ის სამხედრო სარდლობის მიერ დაგეგმილი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული“ (Agile Spirit), რომელსაც საქართველო მეთორმეტედ მასპინძლობს.

გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ოფიციალურად გაიხსნა, „ქართული ოცნების“ მთავრობის კაბინეტის წევრები არ დასწრებიან. მათ შორის არც თავდაცვის მინისტრი.

გახსნის ღონისძიება

სამწყობრო მოედანზე საერთაშორისო წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს:

  • თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა
  • თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ
  • ასევე, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ტერი ტილისმა.

თავდაცვის სამინისტროს ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც წვრთნების გახსნის ღონისძიებას აღწერს, მაღალი რანგის ლიდერები არ ჩანან. დამსწრეთა ჩამონათვალში არ არის არცერთი მაღალი პოლიტიკური რანგის ადამიანი.

როგორც სამინისტროს პრესცენტრი წერს, სწავლების გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ლიდერების არყოფნას ღონისძიებაზე და ფეისბუკზე წერს:

„ეტყობა „დიპ სტეიტმა“ ჩაუდოთ ეს სწავლება და შეშინებულები იმალებიან, მოსკოვმა თითი არ დაუქნიოთ. დღეს რომ სწავლებაზე არ ხარ, მართალია, ცხენიც არა ხარ. ცხენი აუცილებლად მივიდოდა“.

წვრთნების შესახებ

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში საერთაშორისო წვრთნებს ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი უილიამ კოქსი.

Agile Spirit 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში - საქართველოსა და თურქეთში ტარდება.

სამინისტროს შეფასებით, ეს „რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს“.

ამავე წყაროს ცნობით, სწავლების აღსრულება თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო.

Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. მათ შორის:

  • უკრაინა
  • გერმანია,
  • ლიეტუვა,
  • მოლდოვა,
  • პოლონეთი,
  • რუმინეთი,
  • ბულგარეთი.

„სწავლებაში ასევე ჩართულია 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი; წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდებიან. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას“, - წერს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S