
ბოკუჩავა: რევოლუციის თარიღი არ ანონსდება, ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს
30/07/2025 13:23:00 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, რევოლუციის თარიღი არ ანონსდება და ფსონი ერთს თარიღზე დადება და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა სრულიად გაუმართლებელია.
ამის შესახებ მან დღეს, 30 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თინა ბოკუჩავას თქმით, ის იზიარებს მიხეილ სააკაშვილის პოზიციას, რომ საჭიროა მაქსიმალურად დიდი საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი მოქმედებით ხელისუფლების შეცვლა.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან უბრალოდ პროვოკატორი.
„დღეს გამარჯვების გზა გადის საერთო სახალხო მშვიდობიან პროტესტზე, სადაც ყველა აქტორი, განსაკუთრებით პოლიტიკური და საზოგადო ლიდერები უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ მათ სიტყვას.
რევოლუციის თარიღი არ ანონსდება, ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა არის სრულიად გაუმართლებელი. ეს არის, ჩემი აზრით, უპასუხისმგებლობა, რომელიც ასევე უარყოფითად აღიქმება დასავლეთში და რაც მთავარია, აძლიერებს რუსულ ქოცურ პროპაგანდას.
რეჟიმთან რეალურ ბრძოლაში აუცილებელია მუდმივი წინააღმდეგობა, ყოველდღიური შრომა და მოლოდინების მართვა, სადაც ასევე არის მოულოდნელობის ეფექტი. ეს ყველაზე კარგად იცის სწორედ ამ პარტიამ, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა ავტოკრატია მოქმედებით და პარტიულ საზოგადოებრივი კონსოლიდაციით. ეს არის სწორედ გამარჯვების გზა დღესაც, უკომპრომისო, პრინციპული ბრძოლა, სადაც აუცილებელია კონსოლიდაცია ერთიანობა.
უფრო კონკრეტულად – რეჟიმთან არ თანამშრომლობა, რეჟიმის სრული პოლიტიკური და სოციალური იზოლაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, საერთო სახალხო წინააღმდეგობა უწყვეტი, მტკიცე და მასშტაბური პროტესტის გზით, რომლის მაგალითია 245- დღიანი უწყვეტი პროტესტი რუსთაველის გამზირზე და ყველა მომავალი მასშტაბური აქცია, რომელიც არის 2 აგვისტოს აქცია ბათუმში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დღევანდელ ბრიფინგზე თინა ბოკუჩავამ ასევე ისაუბრა ენმ-ის მიმართ სუს-ის გააქტიურებაზე და აღნიშნა, რომ ეს პარტიის მზარდ რეიტინგს უკავშირდება.
„პარტიაში სუს-ის ხელის ფათურის შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, მე, როგორც ამ პარტიის თავმჯდომარე, არ დავუშვებ სუს-ის იმ ფილტრაციას ენმ-ში, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას და მარგინალიზაციას. დღევანდელი ფორმაციის „ნაციონალურ მოძრაობა“ შედგა როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულის სწორი გააზრებით ხდება მხოლოდ და მხოლოდ წინ ხვალინდელი ნათელი ევროპული დღისკენ.
ამაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი პარტიის ყველაზე მებრძოლ, მართალ და ღირსეულ ბირთვს და ესენი არიან ენმ-ის ახალგაზრდები, ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლითაც ძალიან ვამაყობ.
სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გვაქვს მზარდი რეიტინგი, განსაკუთრებით ბოლო თვეში იმ თანმიმდევრული, პრინციპული, უკომპრომისო მოქმედებების გამო, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ივანიშვილის სუს-ის მანქურთებს ნუ დაავიწყდებათ, რომ ენმ არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მშვიდობიანი გარღვევა მოიტანა სწორედ სახალხო რევოლუციის გზით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.