
„ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიზებულ განაჩენს“ – 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა
06/08/2025 15:49:51 პოლიტიკა, სამართალი
24 დიპლომატიური წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოადგენენ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, გმობენ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.
„მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. მზია ამაღლობელის საქმე და „ბათუმელებსა” და „ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და მოუწოდებენ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.
მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ “სისხლის სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.