
ვოლოდიმირ ზელენსკი: გვქონდა ძალიან კარგი საუბარი დონალდ ტრამპთან, ეს საუკეთესო საუბარი იყო, მნიშვნელოვანია, რომ აშშ გვაძლევს ასეთ ძლიერ სიგნალს და მზადაა, მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები
18/08/2025 23:53:00 მსოფლიო
ვფიქრობ, გვქონდა ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტის და ყველა ლიდერის, ვინც აქაა, მადლობა ერთიანობისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი საუბარი დონალდ ტრამპთან. ეს ნამდვილად ყველაზე საუკეთესო საუბარი იყო. შეიძლება ყველაზე საუკეთესო ჯერ კიდევ წინ იყოს, მაგრამ ეს ძალიან კარგი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მგრძნობიარე საკითხებზე. პირველი, ეს არის უსაფრთხოების გარანტიები და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ყველა ლიდერი აქაა. უკრაინის უსაფრთხოება დამოკიდებულია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, თქვენზე და ყველა ლიდერზე, ვინც აქაა. ჩვენს გულში, ძალიან ბევრი ქვეყანაა ჩვენს მხარეს, უკრაინელი ხალხის გვერდით, ჩვენ ყველას გვინდა ამ ომის დასრულება, რუსეთის შეჩერება. ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ და ვისაუბრებთ უფრო მეტს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ გვაძლევს ასეთ ძლიერ სიგნალს და მზადაა, მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული საკითხები.
„მეორე საკითხია, ან შეიძლება ეს პირველიცაა, ჰუმანიტარული მხარე. ძალიან მნიშვნელოვანია ტყვეების გაცვლა და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამაში დაგვეხმარება. მე ძალიან მადლობელი ვარ თქვენი მეუღლის, ბატონო პრეზიდენტო, წერილისთვის, რომელიც უკრაინელ ბავშვებს ეხებოდა. მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ამას ისტორიული როლი ექნება ბავშვების სახლში დაბრუნებაში. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს განვიხილეთ. იმედი მაქვს, რომ ვნახავთ გამოსავალს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მოხარული იქნება, თუ დონალდ ტრამპი დაესწრება სამმხრივ შეხვედრას, სადაც ტერიტორიული საკითხები იქნება განხილული.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ტერიტორიულ საკითხებს განვიხილავთ სამმხრივ შეხვედრაზე, რომლის ორგანიზებასაც პრეზიდენტი ტრამპი შეეცდება. მან თქვა, რომ ის ან მიიღებს მონაწილეობას ან არა. უკრაინა ძალიან მოხარული იქნება, თუ იქ იქნებით. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე გავაცანი პრეზიდენტს ბევრი დეტალი, სიტუაცია ბრძოლის ველზე, ბევრი დეტალი ვაჩვენე რუკაზე, მადლობა ამ რუკისთვის. ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტის და ყველა ლიდერის, ვინც აქაა. მადლობა ამ ერთიანობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თეთრ სახლში გაფართოებულ შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები მონაწილეობენ. მანამდე პირისპირ შეხვედრა გაიმართა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.