Accentnews.ge
მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი გახდება, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი გახდება, ანრი ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა

23/08/2025 16:12:09 პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ხელმძღვანელის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, - ამის შესახებ საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა მთავრობის კანცელარიაში.

მდინარაძე აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვლის ანრი ოხანაშვილს, რომელმაც სუს-ის ხელმძღვანელის პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა. ამასთან, ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

ოხანაშვილის სახელით გამოქვეყნებული განცხადება სოციალური ქსელით სუს-მა გაავრცელა.

„მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მმართველ გუნდთან კონსულტაციის საფუძველზე, მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის დატოვებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობის დაკავების შესახებ. <...> მსურს, მადლობა გადავუხადო მმართველ გუნდს მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლიერება მსურს გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩემდამი გამოცხადებული დიდი ნდობისა და მუდმივი გულშემატკივრობისთვის”, - ნათქვამია ანრი ოხანაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-ის ყოფილი უფროსი ასევე საუბრობს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების ახალი გამოწვევების შესახებ, ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავების ღონისძიებების რეკომენდაციებსა და აღნიშნულ სფეროებში საკუთარ გამოცდილებაზე და, რომ თვითონ კვლავ რჩება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებულ გულშემატკივრად.

„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის პირად შემადგენლობას ამ მოკლე დროში მნიშვნელოვანი ერთობლივი წარმატებული საქმიანობისთვის. წარმატებას ვუსურვებ სამსახურის მომავალ ხელმძღვანელს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს“, - ნათქვამია ანრი ოხანაშვილის განცხადებაში.

სუს-ის უფროსი თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატის წარდგენას.

"მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვის გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. აღვნიშნავ იმას, რომ მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლის თქმითაც, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას პრობლემები, რომლის წინაშეც დგას საქართველო.

"ამ ყველაფერში მამუკა მდინარაძეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეუძლია, სერიოზული წვლილის შეტანა. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მას მინდა ვუსურვო წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S