აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსეთს აგრესორი უწოდა, – ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რითიც მოსკოვის მიმართ გამკაცრებული პოზიცია დააფიქსირა.
„მკვლელობა უნდა დასრულდეს. ამ კვირაში ორივე ქვეყანაში 8 000 სამხედრო დაიღუპა, ცოტა მეტი რუსეთში, მაგრამ როდესაც აგრესორი ხარ, უფრო მეტს კარგავ“, – აღნიშნა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი მანამდე უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის ქმედებების დაგმობაზე უარს აცხადებდა და უარყოფდა გაერო-ს იმ რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდა მხარს და მოსკოვის ნაბიჯებს გმობდა. გარდა ამისა, ვაშინგტონი აპროტესტებდა „დიდი შვიდეულის“ განცხადებასაც, სადაც რუსეთი აგრესორად იყო მოხსენიებული.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა მოსკოვის მიმართ პოზიცია მიმდინარე წლის ზაფხულში, ანუ მას შემდეგ შეიცვალა, რაც, არაერთი მცდელობის მიუხედავად, პუტინი ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაზე ვერ დაითანხმა.