
ტრამპმა თურქეთს მოუწოდა, შეწყვიტოს რუსეთიდან ნავთობის შეძენა
25/09/2025 19:58:42 მსოფლიო
საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც ერდოღანს შეუძლია, არის რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის შეწყვეტა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად თეთრ სახლში მედიასთან საუბარში განაცხადა.
“ორივე მათგანი [ზელენსკი და პუტინი] დიდ პატივს სცემენ პრეზიდენტ ერდოღანს. ყველა სცემს პატივს ერდოღანს… მგონია, რომ მას დიდი გავლენა შეუძლია ჰქონდეს, თუ მოინდომებს. ახლა ის ძალიან ნეიტრალურია, მოსწონს ნეიტრალურად ყოფნა. მეც, ასევე, მინდა, ნეიტრალური ვიყო.
საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც მას [ერდოღანს] შეუძლია, არის რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის შეწყვეტა. ამას თუ გააკეთებს, ეს სავარაუდოდ, საუკეთესო რამ იქნება. ის ისევე იცნობს პუტინს, როგორც მე…“, - განაცხადა ტრამპმა.
ასევე, მან გაიმეორა, რომ ეგონა, რუსეთის ომი უკრაინაში მარტივი მოსაგვარებელი იყო და პუტინით იმედგაცრუებულია.
„მეგონა, რომ ეს [ომი] ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მოსაგვარებელი იქნებოდა, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით. ის მძიმედ და დიდ ხანს იბრძვის, მათ მილიონი ჯარისკაცი დაკარგეს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მთელი მძიმე დაბომბვებით მათ თითქმის ვერანაირი ტერიტორიები ვერ მოიპოვეს. დაფიქრდით ამაზე. არასდროს არავის არ დავუძახებ “ქაღალდის ვეფხვს”, მაგრამ რუსეთმა მილიონობით და მილიონობით დოლარი დახარჯა ბომბებზე, რაკეტებზე, საბრძოლო მასალაზე და სიცოცხლეებზე, თავის სიცოცხლეებზე, და თითქმის ვერანაირი ტერიტორიები ვერ მოიპოვეს. მგონია, რომ გაჩერების დროა”, - განაცხადა ტრამპმა.