Accentnews.ge
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია 13 პირი

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია 13 პირი

06/10/2025 20:59:23 პოლიტიკა, სამართალი

4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულია 13 პირი.

ამის შესახებ სადავო ლეგიტიმაციის მქონე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების პირველ ეტაპზე იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 13 პირი. ესენი არიან: თ.მ., ა.ნ., დ.ჟ., ბ.მ., ა.გ., ე.შ., გ.რ., ვ.ფ., დ.ს., მ.მ., ა.ხ., კ.მ. და ს.მ..

დარახველიძის თქმით, 2 პირი მიმალვაში იმყოფება და პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს, მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ამასთან, დარახველიძის თქმით, 4 ოქტომბერს დაკავებული კიდევ ერთი პირი, სამეგრელოს კუდ-ის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია თავისუფალია. მისი თქმით, პატიმრობაში რჩება შამახიასთან ერთად დაკავებული სულხან ფაღავა.

„აქვე საზოგადოებას მივაწოდებთ ინფორმაციას იმავე დღეს, 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში დაკავებული კიდევ 2 პირის შესახებ. ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ. და 1978 წელს დაბადებული ს.ფ..

რ.შ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე, ტარების უფლებით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესაბამისად, დაკავებული გათავისუფლდა.

რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ.-ს, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ­– დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმ ბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მანამდე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეებზე დააკავეს პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. სწორედ ეს 5 ადამიანი შედიოდა 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტში. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S