
ჩინეთმა საქართველოს 420 000 აშშ დოლარის ღირებულების კორონავირუსის სწრაფი ტესტები აჩუქა
11/03/2020 13:28:19 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
ჩინეთმა საქართველოს 420 000 აშშ დოლარის ღირებულების ახალი ტიპის კორონავირუსის სწრაფი ტესტები აჩუქა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
"საქართველოს გადაეცემა დაახლოებით 420 000 აშშ დოლარის ღირებულების 1000 სწრაფი ტესტი შესაბამისი აღჭურვილობით. ამასთან, ტესტი სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენადაც გამოიყენება", – აცხადებენ საელჩოში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციისგან საჩუქრად 1000 სწრაფ ტესტს მიიღებდა.
"თუმცა, მათგან არც ერთი ჯერ–ჯერობით არ არის ვალიდირებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ამიტომ ჩვენ ამ ტესტებზე ვართ ფრთხილად", - განაცხადა გამყრელიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული. 23 ინფიცირებული პაციენტიდან 20 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 22 ადამიანი ემსხვერპლა და 24 დაინფიცირდა. საერთო ჯამში სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 158–ს მიაღწია, ინფიცირებულია 80 778 ადამიანი.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4 200–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 115 800–ს გადააჭარბა. 67 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.