
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - 20-21 ივნისის მოვლენებზე: “შესაძლო გამიზნული დაკავებები და ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა”
11/03/2020 17:47:38 საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეოპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას ეხება, 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოში განვითარებული მოვლენებიც მოხვდა.
კერძოდ, დოკუმენტში “საპროტესტო აქციის მონაწილეთა შესაძლო გამიზნული დაკავებები” და ამ კონტექსტში ოპოზიციონერი ირაკლი ოქრუაშვილია ნახსენები.
«ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები პროტესტებთან დაკავშირებით ზოგიერთი პირის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ», - ნათქვამია დოკუმენტში.
მოხსენებაში აღნიშნულია რეზინის ტყვიების გამოყენება ახლო მანძილიდან, რის შედეგადაც «აქციების მონაწილეებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს, ორმა კი თვალი დაკარგა».
«ოქტომბერში «ადამიანის უფლებათა ცენტრმა» გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროტესტის ზოგიერთი მონაწილის უადგილო ქცევის მიუხედავად, ძალოვანების მხრიდან ძალის «არაპროპორციული და გადამეტებული» გამოყენება, ასევე სპეცზომების გამოყენებამდელი სიტუაცია ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მათ პროტესტის მონაწილეთა დასჯა სურდათ», - აღნიშნულია მოხსენებაში. დოკუმენტში საია-ს ინფორმაციაც არის მოყვანილი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა მიმართ ხისტ მოპყრობას ეხება.
სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტების იშვიათობაზე მიუთითებს, თუმცა აღნიშნავს, რომ 20-21 ივნისს აქციის დაშლისას მედიის წარმომადგენლებიც დაშავდნენ, “ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია კი ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე მიუთითებს”.