Human Rights Watch - რეპრესიული კანონები საქართველოში მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ფაქტობრივად კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს - განსხვავებული აზრის გამოთქმას სახიფათოს ხდის
04/12/2025 17:54:00 პოლიტიკა
რეპრესიული კანონები საქართველოში მშვიდობიან საპროტესტო აქციებს ფაქტობრივად კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს , - ამის შესახებ Human Rights Watch-ის სტატიაშია ნათქვამი.
„საქართველოს ხელისუფლებამ მთელი რიგი კანონები მიიღო, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობას ხელს უშლის და განსხვავებული აზრის ჩასახშობად გამოიყენება. ძალადობრივ პოლიციურ მეთოდებთან და მაღალ ჯარიმებთან ერთად, აღნიშნული ზომები ქართველი ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას არღვევს, განსხვავებული აზრის გამოთქმას სახიფათოს ხდის და კრიტიკოსებს დამსჯელი ზომების წინაშე დაუცველს აქცევს“, - ნათქვამია სტატიაში.
Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილის, გიორგი გოგიას განცხადებით, „საქართველოს მთავრობა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დამცავ მექანიზმებს სისტემატურად ანადგურებს“.
„2024 წლის ნოემბრის შემდეგ მმართველმა პარტიამ პარლამენტში რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რაც ფაქტობრივად საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ქმედებების დიდ ნაწილს კანონსაწინააღმდეგოდ აცხადებს. ეს ცვლილებები საპროტესტო აქტივობებს სისხლის სამართლის მიხედვით დასჯად ქმედებებად აქცევს და გაურკვეველი ხდება ის, თუ რომელი ქმედებაა კანონიერი და რომელი არა“, - აღნიშნულია სტატიაში.
Human Rights Watch-ის განცხადებით, „დაშინებები, თვითნებური დაკავებები და მაღალი ჯარიმები მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეებისთვის საშიშ კლიმატს ქმნის“.
„საქართველოს მთავრობამ ახალი ცვლილებები თვითნებური დაკავებებისა და ძალადობრივი სამართალწარმოების სახით გამოიყენა. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარე, საქართველო ვალდებულია, რომ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები დაიცვას. ხოლო, ნებისმიერ შეზღუდვას არა მხოლოდ კანონიერი მიზანი, არამედ სამართლებრივი საფუძველიც უნდა ჰქონდეს და აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. აღნიშნული ზომები აუცილებელია, რათა ხალხს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა თვითნებური დაკავების, ძალადობრივი პოლიციური მეთოდების გამოყენებისა და არაპროპორციული ჯარიმების შიშის გარეშე შეეძლოს“, - აცხადებს ორგანიზაცია.


