„ირანელ ხალხს: თქვენი ხანგრძლივი კოშმარი მალე დასრულდება, თქვენი სიმამაცე და თქვენი ჩაგვრის დასრულების სურვილი შენიშნა პრეზიდენტმა ტრამპმა და ყველამ, ვისაც თავისუფლება უყვარს. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს: „კვლავ გავხადოთ ირანი დიდებული“, ეს იმას ნიშნავს, რომ ირანში პროტესტის მონაწილეებმა უნდა დაამარცხონ აიათოლა. დღეს ეს არის ყველაზე ნათელი სიგნალი იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპს ესმის, რომ ირანი ვერასდროს იქნება დიდებული აიათოლასა და მისი თანამზრახველების ხელმძღვანელობით. დახმარება გზაშია. ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც თავს სწირავს ირანში. დახმარება გზაშია”, - წერს ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში.
ირანში მე-15 დღეა გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები. უსაფრთხოების ძალები მზარდ ძალადობას მიმართავენ დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ. თავის მხრივ ირანის ხელისუფლებაზე ზეწოლას აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.
როგორც რადიო თავისუფლების ირანული სამსახური “რადიო ფარდა” იუწყება, 11 იანვრის დილით თეირანის ქუჩებში კვლავ ისმოდა ანტისამთავრობო შეძახილები, ხოლო უფლებადამცველი ჯგუფები და სამთავრობო მედია ათობით სხვა ქალაქში საპროტესტო აქციების, დაპატიმრებებისა და ძალადობის შესახებ იუწყებოდნენ - ერთ-ერთი უფლებადამცველი ჯგუფის ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სულ მცირე 116 ადამიანი დაიღუპა.
AFP-ის მიერ დამოწმებულ ვიდეოში ჩანს, როგორ სკანდირებს ადამიანთა ჯგუფი ჩრდილოეთ თეირანში დიდი ხნის წინ გადაყენებული მონარქიის მხარდაჭერის ლოზუნგებს, ისვრის ფეიერვერკებს და პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ ქვაბებს.


