აქციებში მონაწილეობის გამო აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
17/01/2026 14:53:00 პოლიტიკა, სამართალი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, გუშინ, 16 იანვარს, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს სასამართლოს დადგენილება ჩაბარდა, რომლის მიხედვითაც მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა და საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს გადაეცა.
აფგან სადიგოვი ციხის დატოვების შემდეგ ყოველდღე რუსთაველის გამზირზე დგას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად. საქართველოს ხელისუფლება მას ქვეყნის დატოვების უფლებას არ აძლევს.
“სასამართლოს შეფასებით, სადიგოვის ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან იგი აქამდეც იმავე საფუძვლით იყო ადმინისტრაციულად დასჯილი. საქმე ეხება მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობას და გზის გადაკეტვის ფაქტს – სწორედ ამ საფუძვლით, ბოლო კვირებში, სასამართლომ არაერთ აქტივისტთან დაკავშირებით შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება და საქმეები სისხლისსამართლებრივი რეაგირებისთვის შსს-ს გადასცა”.
როგორც ორგანიზაციაში მიიჩნევენ, “ქართული ოცნების” მიერ ბოლო პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, პრაქტიკულად, მშვიდობიანი პროტესტის განმეორებით მონაწილეებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის რეალური საფრთხე შეუქმნა, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთის სახით.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ცალსახად მიუთითებს, რომ მოძრაობის დროებითი შეფერხება შეკრების თავისუფლების განუყოფელი ნაწილია და არ უნდა იწვევდეს დაკავებას ან პატიმრობას არაძალადობრივი პროტესტის პასუხად. მიუხედავად ამისა, მიმდინარე პრაქტიკა ამ სტანდარტებს სისტემურად არღვევს და “მსუსხავ ეფექტს” ქმნის პროტესტის მონაწილეებისთვის”.
ამ ეტაპისთვის უცნობია, როდის დაიწყებს შსს გამოძიებას და წაუყენებს თუ არა ბრალს აფგან სადიგოვს – “ჩვენ ვაგრძელებთ აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას საქმის განვითარებაზე დამატებით ინფორმაციას მივაწვდით”.


