40-მდე ადამიანი ემსხვერპლა ესპანეთში მატარებლების შეჯახებას
19/01/2026 10:48:00 ევროპა
სამხრეთ ესპანეთში მატარებლების ავარიას სულ მცირე 39 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. ეს არის ქვეყანაში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მომხდარი ყველაზე მძიმე სარკინიგზო კატასტროფა. ამ ცნობას BBC ავრცელებს ესპანეთის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით.
მადრიდისკენ მიმავალი მატარებლის ვაგონები რელსებიდან გადავიდა, საპირისპირო მიმართულების ლიანდაგზე აღმოჩნდა და კორდობას მახლობლად, ქალაქ ადამუსში, შემხვედრ მატარებელს შეეჯახა.
სარკინიგზო ქსელის ადმინისტრაციის ცნობით, ორივე მატარებელში, ჯამში, 400 მგზავრი და მომსახურე პერსონალი იმყოფებოდა. საგანგებო სამსახურებმა სამედიცინო დახმარება 122 ადამიანს გაუწიეს, მათგან 48 (მათ შორის ხუთი ბავშვი) ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ჰოსპიტალიზებულთაგან 11 ზრდასრული და ერთი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ოსკარ პუენტემ მომხდარს „მეტად უცნაური“ უწოდა. ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.


