აშშ-ის სამხრეთ სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კიდევ ერთი ტანკერის დაკავება, რომელიც არღვევს პრეზიდენტ ტრამპის მიერ სანქცირებული გემებისთვის დაწესებულ კარანტინს, წარმოაჩენს ჩვენს ერთგულებას უზრუნველვყოთ ვენესუელიდან ნავთობის ექსპორტი კოორდინირებული და კანონიერ გზით“.
სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ლიბერიის დროშით მცურავი ტანკერი Sagitta ჰონგ-კონგის ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაა. ის, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ქვეშ მოექცა. გამორთული იყო ტანკერის ტრანსპონდერი, რომელიც მის მდებარეობას გადასცემს. ბოლოს ის ორი თვის წინ ჩაირთო, როდესაც გემი ბალტიის ზღვას ტოვებდა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ჩამორთმეული ნავთობის გაყიდვიდან მიღებულ თანხას ვენესუელის ნავთობის ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყენებენ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე მიიღო 50 მილიონი ბარელი ვენესუელური ნავთობი, რომელიც გლობალურ ბაზრებზე იყიდება და „ხელს უწყობს ნავთობის ფასების მნიშვნელოვან ვარდნას“.
ამ დროისთვის დაკავებული ტანკერები ან აშშ-ის სანქციების ქვეშ იყო, ან იყო ნაწილი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტისა, რომლის ხომალდებიც თავიანთ წარმომავლობას ნიღბავენ, რათა ნავთობი გადაზიდონ სანქციების ქვეშ მყოფი სახელმწიფოებიდან - ირანიდან, რუსეთიდან, ვენესუელიდან.


