თბილისში ბოლო ერთ კვირაში ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოფრინდა
03/02/2026 15:43:00 პოლიტიკა
თბილისის აეროპორტში 30 იანვარს და 2 თებერვალს ორი სხვადასხვა ამერიკული თვითმფრინავი დაჯდა.
ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების თბილისში ჩამოსვლის შესახებ ცნობები ოფიციალური არხებით არ გავრცელებულა - მათი ფრენის მარშრუტები ჩანს FlightRadar24-ზე.
"თვითმფრინავების ასეთი გადაადგილება აშშ-ის სამხედრო სატრანსპორტო ოპერაციების ნორმალური ნაწილია და რეგულარულად ხორციელდება პარტნიორებთან კოორდინაციით. ისინი არ არის დაკავშირებული რაიმე რეგიონულ დაძაბულობასთან" - ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" საქართველოში ამერიკის საელჩოში განუცხადეს კითხვის პასუხად, თუ რა მიზნით ჩამოფრინდნენ ამერიკული ხომალდები საქართველოში.
30 იანვარს, 22:41 წუთზე თბილისში დაფრინდა ბუქარესტის საერთაშორისო აეროპორტიდან მომავალი, აშშ-ის საჰაერო ძალების MC-130J ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი. 2 თებერვალს კი, 22:54 წუთზე თბილისის აეროპორტში C-130J-30 დაეშვა - ის რამშტაინის სამხედრო ბაზიდან გამოფრინდა.
თბილისში ჩამოსული ორივე ამერიკული სამხედრო ხომალდი ტვირთის გადამზიდის ფუნქციის მატარებელია. FlightRadar24-ის მონაცემებით, ორივე თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ორ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში იყო გაჩერებული.
რა ვიცით მათ მარშრუტებზე:
MC-130J ტიპის სამხედრო თვითმფრინავი თბილისში გამოფრენამდე გაერთიანებული სამეფოს ქალაქ მილდენჰოლში მდებარე ბრიტანულ-ამერიკული სამხედრო ავიაბაზიდან აფრინდა და გერმანიის ქალაქ რამშტაინში აშშ-ის ავიაბაზაზე საათ-ნახევრიანი შეჩერების შემდეგ, ბუქარესტში ჩაფრინდა. თბილისის შემდეგ სად წავიდა, არ ჩანს, მაგრამ 31 იანვარს შტუტგარტის აეროპორტში ახორციელებს შემდეგ ფრენას.
FlightRadar24-ზე არ ჩანს, თბილისის დატოვების შემდეგ რა მიმართულებით გაფრინდა C-130J ტიპის სუპერ ჰერკულესი, რომელიც თბილისში 2 თებერვლის ღამეს ჩამოვიდა რამშტაინის სამხედრო ბაზიდან.


