სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) ბოლო დღე-ნახევრის განმავლობაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგები გაასაჯაროვა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 13 სისხლის სამართლის საქმეზე 29 პირია მხილებული და დაკავებული. საქმეები ეხება როგორც ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობას, ისე სამოხელეო დანაშაულებსა და კორუფციას.
ურანი და „ცეზიუმ 137“ — სპეცოპერაცია ქუთაისში
სუს-ის თანახმად, ამ საქმეებიდან ყველაზე მძიმე კატეგორიის დანაშაული კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტებმა გამოავლინეს. ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისთვის უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები გეგმავდნენ, 3 მილიონ აშშ დოლარად შეეძინათ ბირთვული მასალა „ურანი“ და რადიოაქტიური ნივთიერება „ცეზიუმ 137“, რის შემდეგაც მათ ტრანსპორტირებას საზღვარგარეთ აპირებდნენ. უწყების ცნობით, დაკავებულები ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში ნიადაგის მოსასინჯად. სუს-ში განმარტავენ, რომ მსგავსი ნივთიერებები ხშირად ტერორისტული მიზნებისთვის გამოიყენება.
სუს-ს არ დაუკონკრეტებია რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებულები და სად უნდა გადაეტანათ ეს მასალები, ან სად და ვისგან უნდა ეყიდათ ქუთაისში დასახელებული ნივთიერებები.
კორუფცია საჯარო სამსახურში — დაკავებულია 12 მოხელე
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ღონისძიებები ჩაატარა სატყეო სექტორსა და მუნიციპალიტეტებში. პასუხისგებაში მიცემულია 12 პირი, მათ შორის:
სატყეო სააგენტო: მხილებულნი არიან იმერეთის სატყეო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და მარტვილის სატყეო უბნის წარმომადგენელი. საქმე ეხება ქრთამის აღებას და სამსახურებრივ გულგრილობას. მსგავსი ფაქტები გამოვლინდა ვანის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ბრალი სამ პირს წარედგინა ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და ხე-ტყის უკანონო გაჩეხისთვის.
ბათუმი და ლაგოდეხი: ბათუმში დააკავეს შპს „სანდასუფთავების“ ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, ქრთამის სანაცვლოდ კომპანიის ბალანსზე რიცხულ სატვირთოებს კერძო სამშენებლო ნარჩენების გასატანად იყენებდა. ლაგოდეხში კი დააკავეს სოფელ კაბალში მერის წარმომადგენელი, რომელმაც მოქალაქეს, ქრთამის სანაცვლოდ, სასამართლოს მიერ დაკისრებული საზოგადოებრივი შრომა აარიდა თავიდან.
სამშენებლო და მიწის მაქინაციები
სუსი აცხადებს, რომ ასევე გამოავლინა დარღვევები სამშენებლო სექტორში. 5 პირი პასუხისგებაშია მიცემული ე.წ. „K2“ კოეფიციენტის უკანონოდ გაზრდისა და უნებართვო მშენებლობების გამო. გარდა ამისა, 6 პირია მხილებული სახელმწიფო მიწების უკანონო რეგისტრაციის ფაქტებზე, ხოლო 2 მოქალაქე — ტენდერების ჩაწყობასა და საბიუჯეტო თანხების თაღლითურად დაუფლებაში.
სუს-ის გაფრთხილება
უწყების განცხადებით, მიუხედავად ბრძოლის გამკაცრებისა, ე.წ. „შუა რგოლის კორუფცია“ კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.
„მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან. ხოლო მათ, ვისაც ჯერ კიდევ უჩნდებათ სურვილი, სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენონ, ვაფრთხილებთ — კანონის დარღვევის ნებისმიერ ფაქტს მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, — აცხადებენ სუს-ში.


