რუსეთში მცხოვრები ქართველები საქართველოს მთავრობას ამ ქვეყანასთან საზღვრის ჩაკეტვას სთხოვენ

14-03-2020 16:43:29 საგარეო პოლიტიკა

მოსკოვსა და სხვა რუსულ ქალაქებში მცხოვრები ქართველები საქართველოს მთავრობას რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას სთხოვენ.

სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფებში მომხმარებლები იმაზე მიუთითებენ, რომ რუსი ტურისტები ქვეყანაში თავისუფლად შემოდიან და დედაქალაქიდან შავი ზღვის კურორტების მიმართულებით გადაადგილდებიან.

რუსეთში მცხოვრები ქართველები ნათესავებს ამ ქვეყნის ქალაქებში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზე უყვებიან.

ერთ-ერთი მათგანი “აქცენტს” დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ახალი ტიპის კორონავირუსით სიკვდილიანობა იმატებს, გარდაცვალების მიზეზად კი ყველა შემთხვევაში უბრალოდ “ფილტვების ანთება” იწერება.

"რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებს, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეს წევრი ქვეყანა უბრალოდ მალავს. ამ ფონზე სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველდღიურად მხვდებიან რუსი ტურისტების ჯგუფები, რომლებიც მშვიდად მიემგზავრებიან ბათუმში. საქართველოს მთავრობას ვთხოვთ, სხვა რიგი ქვეყნების მსგავსად, საზღვარი დროებით რუსეთთანაც ჩაკეტოს" – განაცხადა რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან საკარანტინო შეზღუდვები უკვე დააწესა. მიღებული ზომები ეხება მოქალაქეებს და სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.

გარდა ამისა, სამი ქვეყნის (აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს) პრემიერ-მინისტრების გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანსა და საქართველო-სომხეთს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერებულია.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 5400 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 145 000–ს გადააჭარბა. 73 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები