Accentnews.ge
კორონავირუსის პირველი სავარაუდო შემთხვევა აფხაზეთში: სკოლებსა და ბაღებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა

კორონავირუსის პირველი სავარაუდო შემთხვევა აფხაზეთში: სკოლებსა და ბაღებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა

15/03/2020 10:56:37 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებსა და ბაღებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა.

როგორც „აქცენტს“ ადგილობრივმა მასწავლებლებმა განუცხადეს, არდადეგები ერთი კვირით ადრე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიწყო.

„ამ დრომდე სწავლის პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. ამბობდნენ, ყველაზე დაცულები ვართო, რადგან მარტო ჩვენთან არ გავრცელდაო. დღეს შეგვატყობინეს, რომ ორშაბათს სკოლა არ იქნება. არდადეგები ერთი კვირის შემდეგ უნდა დაწყებულიყო წესით, მაგრამ ერთი კვირით ადრე დაიწყეს. დაიხურა ბაღებიც და გადმოგვეცა სადეზინფექციო საშუალებები“, - განუცხადა „აქცენტს“ ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა.

რაც შეეხება ზოგად მდგომარეობას, მოსახლეობაში პანიკას ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა იწვევს: ამბობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში მათ დახმარებას ვერავინ შეძლებს. თუმცა პარალელურად ამაში დადებითსაც ხედავენ და ამბობენ, რომ თუ „საზღვარი“ რეალურად გაკონტროლდება, ვირუსი აფხაზეთის ტერიტორიაზე ვერ შეაღწევს.

„ადგილობრივი სამედიცინო მდგომარეობა ალბათ, ყველამ იცის, როგორია. აქ მსგავსი ვირუსის კი არა, უბრალო სეზონური ვირუსის დროსაც კი არ არის შესაბამისი მზაობა. მედიკამენტები ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ იშოვება და ახლა მითუმეტეს. ამბობენ, რომ სოხუმში ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ფსოუდან შემოსული რუსიაო, თუმცა დადასტურებით არავინ იცის. სწორედ ამ ინფორმაციას დაემთხვა საზღვრების სრული ჩაკეტვა. თუ რეალურად ჩაიკეტება და ისევ ფულის სანაცვლოდ არ გაუშვებენ ხალხს, ამან შეიძლება, მართლა გვიხსნას ვირუსის გავრცლებისგან. თუმცა, მოგეხსენებათ, ყოველ მსგავს შეზღუდვაზე თანხის სანაცვლოდ ყოველთვის ყველას უშვებენ. რამდენიმე დღის წინ თქვეს, რომ სოხუმიდან ჩამოსულმა შემოწმებამ ფულის აღების ფაქტი გამოავლინა და რამდენიმე პირი დააკავეს. თუ ეს მართალია, შეიძლება, ნაკლები რისკის ქვეშ აღმოვჩნდეთ. მეორეს მხრივ კი, თუ გავრცელდა, ფაქტობრივად იზოლაციაში ვართ და დახმარებას ვერავისგან მივიღებთ. „საზღვარზე“ შეიძლება, მძიმე ავადმყოფების გადაადგილება დაუშვან, თუმცა უსაბუთოებს ამის საშუალებაც არ ექნებათ“.

აღსანიშნავია, რომ გალის რაიონში უმეტესად ასაკოვანი ხალხი ცხოვრობს, შესაბამისად, ვირუსის გავრცელების შიში მათში განსაკუთრებულად არის მომეტებული:

„83 წლის ვარ, შაქარი მაქვს. სახლში შეძლებისდაგვარად ვიცავთ იმას, რასაც ტელევიზორში ვისმენთ, მაგრამ საბუთი არ მაქვს, შვილო და ეს ვირუსი რომ შემეყაროს, ხომ ვერ გადავრჩები? აქაური ექიმი მე ვერ მიშველის და იქით კიდევ არ გამიშვებენ უსაბუთოდ“.

არსებულ ვითარებაში ადგილობრივების კიდევ ერთი პრობლემა საკვებია. დანარჩენ საქართველოში მისი მომარაგების კადრებს ტელევიზიის მეშვეობით ადევნებენ თვალს და აცხადებენ, რომ მათ ამის საშუალებაც არ მიეცათ:

„სოფელში რაღაც საჭმელს ყოველთვის იშოვი, მაგრამ თუ ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, ორი-სამი თვის მარაგი ფიზიკურად არავის ექნება სახლში. ჩვენ ცალმხრივად ბევრად ადრე დაგვიკეტეს გზა, ვიდრე ოფიციალურად გამოცხადდა. იმდენად მოულოდნელად მოხდა, მომარაგება ვერ მოვახერხეთ. ადგილობრივი ბაზრის დიდი ნაწილიც კი დანარჩენი საქართველოდან მარაგდება, თუმცა ადგილზე ფასები ისეთი ტემპით იწევს, მარაგი რომც იყოს, ყიდვა გაგვიჭირდება. საჭმელი და მედიკამენტები ჩვენი მუდმივი პრობლემაა ასეთ დროს“.

ადგილობრივები ბანკების მიერ შეღავათების დაწესებას დადებითად აფასებენ, თუმცა პრობლემები ამ ნაწილშიც რჩებათ:

„ნამდვილად კარგია ის შეღავათები, რომელიც განვადებებს და სესხებს უკავშირდება, თუმცა აქაურ მოსახლეობას ძირითადად «კრედო ბანკში» აქვს სესხი აღებული და ამ ბანკის მხრიდან ჯერ არაფერი თქმულა. რაც შეეხება პენსიებსა და დახმარების თანხებს, გამოტანას ჩვენ ვერ შევძლებთ და ვერც სარგებლობას არსებულ მდგომარეობაში. სანამ ცალმხრივად იყო დაკეტილი გზა, ბარათებს ვაგზავნიდით და ვაბარებდით იმას, რაც გვჭირდებოდა, ახლა ესეც ვერ მოხერხდება. ჩვენი «მარჯვენა ხელი» ამ მხრივ «ენგურჰესის» თანამშრომლები იყვნენ და ახლა შეიძლება, მათაც დაუწესონ შეზღუდვები“.

მთლიანობაში მოსახლეობა იმედიანადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ ვირუსი არ გავრცელდება, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში გადარჩენის გზას ვერ ხედავს.

„დღეს აქ «ნოშპა» ვერ ვიშოვე და ეს ვირუსი რომ გავრცელდეს, ჩათვალეთ, ამოვწყდებით“.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მოტივით დე ფაქტო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი 14 მარტიდან სრულად ჩაკეტა. ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 26 თებერვალს დადასტურდა, ოკუპირებულ აფხაზეთში კი, თუ სოხუმის რეჟიმს დავუჯერებთ, ჯერ არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S