
18 მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა იკრძალება
16/03/2020 09:35:02 საგარეო პოლიტიკა
18 მარტიდან ორი კვირით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისრტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„18 მარტის 00:00 საათიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე უცხო ქვეყნების შემოსვლა იკრძალება. პრემიერ-მინისტრის დავალებით ზურაბ აბაშიძე ესაუბრა რუსეთის წარმომადგენლებს და ამ ქვეყანასთან მიმართებაში ეს შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებს, რომელბსაც სურვილი ექნებათ, დაბრუნდნენ სამშობლოში, შეუძლიათ გამოიყენონ ის ავიამიმოსვლა, რომელსაც საქართველოს ავიახაზები ახორციელებენ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.