ევროკავშირი რუსეთს COVID-19-ის შესახებ სადეზინფორმაციო კამპანიაში ადანაშაულებს
18/03/2020 13:46:33 პოლიტიკა
ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატების განცხადებით, რუსეთი კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას რამდენიმე ევროპულ ენაზე ავრცელებს.
პროკრემლისეული აქაუნთები სოცქსელებში და მედია აწარმოებენ "სადეზინფორმაციო კამოპანიას", რომლის მიზანს ვითარების დაძაბვა, ეჭვების, პანიკისა და შიშის თესვა, საერთო ჯამში კი ევროკავშირის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებისადმი უნდობლობის გამოწვევა წარმოადგენს, - განაცხადა საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ევროპულმა სამსახურმა (EEAS), რომელიც ევროკავშირში საგარეო პოლიტიკური უწყების ფუნქციას ითავსებს და კავშირისთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო პოლიტიკას ახორციელებს.
მის მოხსენებას “The Financial Times" აქვეყნებს.
უწყების მონაცემებით, 22 იანვრიდან 10 მარტამდე პერიოდში ევროკავშირში გამოვლინდა COVID-19-ის შესახებ დეზინფორმაციის თითქმის 80 მაგალითი როგორც კერძო, ისე ორგანიზაციების პრორუსული აქაუნთების მხრიდან.
როგორც EEAS-ის ექსპერტები აღნიშნავენ, კამპანიაში ჩართულები იყვნენ ფეიქ-აქაუნთები, რომლებიც მანამდე ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ სირიაში არსებული ვითარებისა და საფრანგეთში “ყვითელი ჟილეტების” თაობაზე. ამ აქაუნთების მომხმარებლოები აქვეყნებენ ფეიქ-სიახლეებს ინგლისურ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე. იტალიაში აქაუნთები მოქალაქეებს მიმართავდნენ უცნაური კითხვებით: მოახერხებენ თუ არა იტალიისა და ადგილობრივი ხელისუფლებები ჯანდაცვის სფეროში არსებულ კრიზისთან და კლინიკებში აღჭურვილობის ნაკლებობასთან გამკლავებას. ესპანური აქაუნთები იუწყებოდნენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან განსხვავებით, რუსეთი და პირადად პრეზიდენტი პუტინი ეფექტურად უმკლავდებიან ქვეყანაში კორონავირუსს.
სოცქსელების გარდა, კამპანიაში ჩართეს ახალი ამბების პრორუსული რესურსებიც: სიახლეების ერთ-ერთი საიტი მოლდოვური URL-ითა და რუსულენოვანი სიახლეებით 4 მარტს აქვეყნებდა ვარაუდს, რომ კორონავირუსის აფეთქება “სიცრუე” იყო. სომხეთში რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “სპუტნიკის” ადგილობრივმა სამსახურმა მოახდინა ციტირება “ექსპერტისა”, რომელიც აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელება შემთხვევითობა არ ყოფილა, რომ ვირუსი საიდუმლო ელიტების მიერაა შექმნილი, - ისეთების,როგორიცაა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, მსოფლიო მთავრობა ან ჯორჯ სოროსი, ახალი ეკონომიკური კრიზისის გამოსაწვევად და ადამიანთა გონების გასაკონტროლებლად. ამასთან, კრემლის მიერ მართულ სხვა მედიასაშუალებებში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ პანდემია "ნაკლებ საზიანოა, ვიდრე სეზონური გრიპი". "
კამპანია მოწოდებული იყო, გაეღრმავებინა გაურკვევლობა, პანიკა და შიში, ასევე ხელი შეეშალა ადამიანთა წვდომისთვის სანდო ინფორმაციაზე კორონავირუსისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიღებული ზომების შესახებ”, - ციტირებს მოხსენებას “Financial Times”. - “ეს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც კრემლი იყენებს: იგი მდგომარეობს მცდელობაში, ძირი გამოუთხაროს ევროპულ საზოგადოებას შიგნიდან არსებული წინააღმდეგობებისა და მოწყვლადი ფაქტორების გამოყენებით. ამასთან, კრემლის მიერ მართული სადეზინფორმაციო სააგენტოები არ ცდილობენ "იდეის გაყიდვას", არამედ უფრო აბნევენ აუდიტორიას, მაშინ,როცა ავტორიტეტული გამოცემების ჟურნალისტები გულდასმით ამოწმებენ წყაროებსა და მონაცემებს".
EEAS-ის ექსპერტების აზრით, კამპანიის მიზანს “დასავლეთის ქვეყნებში ჯანდაცვის სფეროში კრიზისის გამწვავება", კერძოდ "ჯანდაცვის ეროვნული სისტემებისადმი მოსახლეობის ნდობის შერყევა" და ამ გზით “ვირუსის გავრცელებისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევისთვის ხელისშეშლა” წარმოადგენდა.
18 მარტის დილის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 187 ათასზე მეტი ადამიანი იყო ინფიცირებული, დაღუპული იყო 7800-ზე მეტი მოქალაქე.


