Accentnews.ge
კორონავირუსის გავრცელების პრევენცია აფხაზურ “საზღვრებზე”: ლაპარაკი საქმის ნაცვლად

კორონავირუსის გავრცელების პრევენცია აფხაზურ “საზღვრებზე”: ლაპარაკი საქმის ნაცვლად

20/03/2020 11:26:54 კონფლიქტები

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთმა ქვეყანაში უცხოელთა შესვლა დროებით - 18 მარტიდან 1 მაისის ჩათვლით აკრძალა. შეიზღუდა მიმოსვლა ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზეც. ფედერაციის ტერიტორიაზე აფხაზეთის მხოლოდ იმ მაცხოვრებლებს უშვებენ, რომელთაც რუსეთის მოქალაეობა გააჩნიათ.

“თუ აფხაზეთის მაცხოვრებელს გააჩნია რუსეთის მოქალაქეობა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, საზღვრის კვეთის კუთხით არანაირი წინაღობა არ ექმნება. რაც შეეხება ტვირთებს, მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებები და შესაბამისი საერთაშორისო გადაზიდვები, რუსეთის ტერიტორიის გავლით აფხაზეთში ტრანზიტი ან რუსეთიდან საქონლის ექსპორტი, განურჩევლად მოქალაქეობისა, ჩვეულ რეჟიმში წარმოებს. ეს ვრცელდება აფხაზეთის იმ მოქალაქეებზეც, რომელთაც რუსეთის მოქალაქეობა არ გააჩნიათ, თუმცა ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს, კერძოდ, საექსპორტოს. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, რომლებიც საზღვარს კერძო მსუბუქი ავტომანქანით კვეთენ, შეზღუდვები არც მათზე ვრცელდება. თუ მძღოლს რუსეთის უცხოური პასპორტი გააჩნია, რომელიც რუსეთის მოქალაქობას ადასტურებს, ასევე აფხაზური მოქალქეობა და აფხაზეთში ჩაწერის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების ფაქტს მოწმობს, არანაირი შეზღუდვა არ ხდება” – განმარტავს ახალ წესებს დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენელი საიდ ცვინარია და დასძენს,რომ ტვირთბრუნვის კუთხით ჯერ-ჯერობით არათუ შეფერხება, ზრდაც კი ფიქსირდება.

რაც შეეხება არსებულ სირთულეებს, მისი თქმით, სირთულეს ის ქმნის, რომ რუსულს თავად აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მანამდე შემოღებული შეზღუდვები ერთვის, რომელიც სოხუმთან ე.წ. უვიზო რეჟიმის არმქონე აღიარებული თუ არაღიარებული ქვეყნების მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს:

“საქმე ისაა, რომ, როგორც წესი, აფხაზეთში იმპორტირებადი საქონლის გადამზიდავები უცხოეთის მოქალაქეები არიან. შექმნილ ვითარებაში ერთ-ერთ გამოსავლად გვესახება ის, რომ იმპორტიორი ფირმის წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მოქალაქეებმა გამოგზავნონ თავისი მძღოლი, რომელიც საქონელს აფხაზეთში შემოიტანს. პარალელურად სახელმწიფომ [აფხაზეთმა] უნდა მიიღოს ზომები ვირუსის გავრცელების არდასაშვებად. ჩვენ ჩამოყალიბებული გვყავს სპეციალური საამუშაო ჯგუფი, რომელიც აწარმოებს სიცხის გაზომვას და ყველაფერ დანარჩენს. საბაჟო ამმხრივ უფრო დამკვირვებლის როლშია, ბოლო ინსტანციაა. მხოლოდ ყველა წინა ინსტანციის, მათ შორის საკარანტინო კომტროლის გავლის შემდეგ იწყება ჩვენი - საბაჟოს საქმე... სირთულეები არსებობს. გამოსავალი კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მოქალაქეები დასხდნენ სატვირთო მანქანის საჭესთან და შემოიტანონ საქონელი”. .

რაც შეეხება თავად მებაჟეების კორონავირუსისგან დაცვის ზომებს, ირკვევა, რომ მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ამ დრომდე არ არის. როგორც ცვინარია აღნიშნავს, ე.წ. საზღვარზე მყოფი მებაჟეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის საბაჟო სამსახურთან აფხაზური სტრუქტურისთვის შესაბამისი აღჭურვილობის უსასყიდლოდ გამოსაყოფად.

მისივე მტკიცებით, ამჟამად ე.წ. საზღვარზე დიდი რიგები არ შეინიშნება, არც აჟიოტაჟი იგრძნობა.

ამასთან, როგორც ცვინარია აღნიშნავს, გაზრდილია ფარმაცევტული პროდუქციის ტვირთბრუნვის მაჩვენებელი:

“თუ, მაგალითად, სადღეისოდ ესოდენ აქტუალურ დამცავ ნიღბებს გავაანალიზებთ, 2018 წელს სულ 9150 ცალი იქნა შემოტანილი, 2019-ში – 38 567, მიმდინარე წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი უკვე 106 171 ცალს აღწევს”.

რაც შეეხება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან დე ფაქტო საზღვარზე არსებულ ვითარებას, აქ ყოველგვარი გადაადგილება სრულად არის შეწყვეტილი.

ეს გარემოება – დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის სრულად ჩაკეტვა და რუსეთთან ე.წ. საზღვრის ამ დრომდე გახსნილობა ოკუპირებულ რეგიონში კითხვებს იმთავითვე იწვევდა: მოსახლეობას ერთნაირად აშფოთებს ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების პერსპექტივა როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

გაუგებარია, რატომ უნდა ჩაიკეტოს რუსეთთან საზღვარი მხოლოდ მაშინ, როცა რესპუბლიკაში პირველი დაავადებული გვეყოლება? მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, ეს [რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვა] პირველივე დღეებში უნდა გაკეთებულიყო. კი ბატონო, საზღვარზე თბოვიზორი დააყენეს, მაგრამ ვირუსის მატარებელს ხომ იჯმ მომენტში სიცხე შეიძლება,არც ჰქონდეს. ეს რა, ძნელი გასაგებია? დატოვონ მხოლოდ საბაჟო პროდუქტების შემოსატანად! ახლა კი იმდენი საუბარია ამ ყველაფრის ირგვლივ, იმხელა ხმაური, ნეტავ პრევენცია იყოს ამის ნახევარი მაინც” – წერს ამასთან დაკავშირებით სოცქსელში აფხაზეთში მოღვაწე ჟურნალისტი დიმიტრი სტატეინოვი.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S