Accentnews.ge
მამუკა ხაზარაძე:"დღეს ჩვენ გვჭირდება ერთიანობა"

მამუკა ხაზარაძე:"დღეს ჩვენ გვჭირდება ერთიანობა"

21/03/2020 12:24:31 პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიმართვას ავრცელებს.

მიმართვას "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ.

,,ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მრწამსისა და დამოკიდებულებებისა, ვახერხებდით გაერთიანებას ჩვენ წინაშე მდგომ ურთულეს გამოწვევებთან გასამკლავებლად.

დღეს ზუსტად ასეთი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენ გვჭირდება ერთიანობა!

მე აღარ ვარ ბიზნესში, ვარ პოლიტიკაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვაპირებ, ჩემი პირადი ფინანსური წვლილი შევიტანო ამ საქმეში. ასევე, მივმართავ და მოვუწოდებ ჩემს ყოფილ ბიზნეს პარტნიორებს და მეგობრებს - გავერთიანდეთ და აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დღეს ჩვენ უკვე ვხედავთ ექიმებისგან სამოქალაქო გმირობის მაგალითებს, ასევე სამოქალაქო თვითორგანიზებას, რომელიც მისაბაძი და მხარდასაჭერია. მაგალითად, ახალგაზრდა ადამიანებმა შექმნეს ჯგუფი „დავეხმაროთ მოხუცებს“ და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნავენ. Covid 19-ის გავრცელების წინააღმდეგ შეიქმნა პლატფორმა „ერთიანობა“, რომელიც ახდენს მოხალისეების მობილიზებას, მუშაობს ვებგვერდი, რომელიც იმ მოსწავლეებს ეხმარება ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და დისტანციურ გაკვეთილებს ვერ იღებენ, ბიზნეს-ომბუდსმენთან იქმნება საკოორდინაციო პლატფორმა.

ყველა ასეთი ინიციატივა მისაბაძია. ვუერთდები და მივესალმები.

მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე მამუკა ხაზარაძე, მიუხედავად იმისა, რომ მოგონილი ბრალდების საფუძველზე დაყადაღებული მაქვს პირადი ანგარიშები, - ჩემი ოჯახი გააკეთებს 100 ათასი ლარის პირველ კონტრიბუციას მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილ სხვადასხვა ფონდში. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გაერთიანებისა და სოლიდარობისკენ! - ერთობით ჩვენ ამ განსაცდელზე გავიმარჯვებთ!’’ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე", - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევვა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკურ პირზე 3000 ლარის ოდენობით და იურიდიულ პირზე 15 000 ლარის ოდენობით.

„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკურ პირზე 3000 ლარის ოდენობით და იურიდიულ პირზე 15 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგმარეობის რეჟიმის დაცვის მიზნით, უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღოსნიძიებები. მოგეხსენებათ, ზოგიერთი ეს ქმედება უკვე შემოღებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ ქმედებებს მთავრობის მხრიდან ჰქონდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას შემდგომ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება გადაწყვეტილებას და ეს იქნება დამტკიცებული პარლამენტში, ამ ქმედებებს ექნება სავალდებულო ხასიათი“, - აღნიშნა გახარიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული. 46 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S