მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან თავდაცვის ძალები სპეციალურ გამშვებ პუნქტებს მოაწყობენ და დაიცავენ

23-03-2020 09:14:49 თავდაცვა

ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ერთვება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობენ და დაიცავენ სპეციალურ გამშვებ პუნქტებს.

"მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ერთვება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს.

კორონავირუსი არის პანდემია, რომელსაც მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მოვერევით და რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარი, როგორც ყოველთვის, იყო, არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს ხალხს და სახელმწიფოს სჭირდება.

ვემსახურებით საქართველოს!", - წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები