
საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს
23/03/2020 10:58:01 კონფლიქტები
საერთაშორისო საზოგადოება 2020 წლის 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს.
საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დასავლეთის რიგ ქვეყნებთან ერთად დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ევროკავშირმაც დაგმო.
„ევროკავშირი არ სცნობს აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მტკიცედ უჭერს მხარს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი კვლავ განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას“, - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი კომისრის პიტერ სტანოს განცხადებაში.
"ე.წ. არჩევნებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამის სამდივნოც გამოეხმაურა. მათივე თქმით, სუამის სამდივნო საქართველოს სოლიდარულია და არ სცნობს ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს", – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
გარდა ამისა, ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კანადა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებენ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
"ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟენევის საერთაშორისო ფორმატის მოლაპარაკებებს", – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ–ის საელჩო ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცსკ-მ “საპრეზიდენტო არჩევნებში” გამარჯვებულად ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია გამოაცხადა.