„ევროპული საქართველო“ მოსახლეობისთვის „საპენსიო გადასახადის“ დაბრუნების ინიციატივით გამოდის

24-03-2020 16:33:15 პოლიტიკა ,საზოგადოება

„ევროპული საქართველო“ მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში აკუმულირებული ფულის გადაცემის ინიციატივით გამოდის.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ფული „შავი დღისთვის“ გროვდებოდა და სწორედ ახლა არის ეს „შავი დღე“, როდესაც ხალხს თავისი ფული სჭირდება.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ამ თანხით მოსახლეობის დახმარებას გადაწყვეტს, მოქალაქეებს 483.6 მილიონი ლარი დაუბრუნდებათ, ხოლო მეწარმეებს - 166 მილიონი ლარი.

„ფული, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში აკრეფილია ე.წ. საპენსიო გადასახადით, დევს და იდეაში, ის იყო სიბერისთვის, „შავი დღისთვის“ გადადებული ფული. ახლა არის ეს “შავი დღე“ და ახლა სჭირდება ამ ხალხს ეს ფული. ამ ყველაფრის შედეგად, მოქალაქეებს დაუბრუნდებათ 480 მილიონ ლარზე მეტი და მეწარმეებს - 170 მილიონ ლარამდე. ერთ მოქალაქეს საშუალოდ 600 ლარამდე დაუბრუნდება , ხოლო თითოეულ დამსაქმებელს ყოველ დასაქმებულზე - საშუალოდ 223 ლარი,“ - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მთავრობამ საპენსიო ფონდში დარჩენის ან ფონდიდან გასვლის არჩევანი მოქალაქეებს ხელახლა უნდა მისცეს და ამისათვის ერთთვიანი ვადა – აპრილი–მაისი უნდა განისაზღვროს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები