
„შეთანხმება მიღწეულია და გალში სამედიცინო საშუალებებით დატვირთული მიკროავტობუსი შევა“
25/03/2020 10:32:13 კონფლიქტები
მოძრაობა „მომავლისთვის“ ოკუპირებულ გალში დღეს პირველად სამედიცინო საშუალებებს შეაგზავნის.
როგორც „აქცენტს“ „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი კანაშვილმა განუცხადა, ორგანიზაციამ გარკვეული თანხის აკუმულირება მამუკა ხაზარაძის დახმარებით შეძლო, ხოლო ტვირთი ენგურის ხიდს დღის განმავლობაში გადაკვეთავს:
„გალიდან გვაქვს ცნობები, რომ სამედიცინო დაწესებულებები ვირუსთან საბრძოლველად მზად არ არიან. დეფიციტია პირველადი სამედიცინო საშუალებების კუთხით: პირბადეების, სადეზინფექციო საშუალებების, ზეწრებისა და ა.შ. ამასთან, ინფორმირების ხარისხიც დაბალია.
მოძრაობამ „მომავლისთვის“ მამუკა ხაზარაძის დახმარებით გარკვეული ფინანსები მოვიძიეთ, შევიძინეთ ყველაფერი, რაც გვთხოვეს და ერთი მიკროავტობუსი დღეს გალში გადავა. შეთანხმება გვაქვს და გვითხრეს, რომ მიკროავტობუსს შეფერხება არ შეექმნება. სამედიცინო საშუალებები კი რაიონის მასშტაბით სამედიცინო დაწესებულებებში გადააწილდება“,– განაცხადა კანაშვილმა და დასძინა, რომ სამომავლოდ აქვთ სურვილი, სამედიცინო საშუალებები სოხუმშიც გააგზავნონ.
კანაშვილი ამბობს, რომ ოკუპირებუკლ აფხაზეთში ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერება დაბალია, იმართება ხალხმრავალი ქელეხები და ქორწილები და მას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
„დე ფაქტო მთავრობა იცვლებოდა და ყურადღება აქეთკენ იყო მიმართული; გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონის ჩაკეტილობა და მესამე – ადგილობრივები რუსეთის საინფორმაციო ველში არიან მოქცეულები, რუსეთში კი დიდი ხნის განმავლობაში იყო განწყობა, რომ ეს პრობლემა მათ არ ეხებათ.
რეალურად ახლა ხდება საფრთხის გააზრება. მქონდა დე ფაქტო ხელიუფლების წარმომადგელებთან საუბარი. იციან, რომ პროცესები შესაძლოა, რთულად განვითარდეს და გარკვეული ზომების მიღებას იწყებენ“.
ის საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდებს:
„რასაც ახლა ჩვენ ვაგზავნით და რაც აქამდეა შეგზავნილი, რეალურად ზღვაში წვეთია. რამდენადაც ვიცი, არის კომუნიკაცია [დე ფაქტო და საქართველოს ხელისუფლებებს შორის] და რაღაცეების შეგზავნა იგეგმება, თუმცა მასშტაბებისა და არხების შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. ხელისუფლებას უფრო სწრაფად მოქმედება ჰმართებს, ვინაიდან შესაძლოა, სავალალო მდგომარეობა შეიქმნას“.
ცნობისთვის: აფხაზები კორონავირუსისგან დაცვის ზომების გამკაცრებას მოითხოვენ