
WHO ქვეყნებს მოუწოდებს, კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგო ზომები ნაადრევად არ მოხსნან
26/03/2020 10:23:35 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ქვეყნებს მოუწოდებს, ახალი კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგო ზომები ნაადრევად არ მოხსნან.
WHO–ს გენდირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სახელმწიფოებმა სკოლები და ბიზნესები ნაადრევად არ უნდა გახსნან.
"მყისიერი რეაგირება ერთი თვის წინ უნდა მოეხდინათ ქვეყნებს, მაგრამ ახლაც, ბრძოლის მეორე ეტაპზე ვირუსის შეჩერება და გაკონტროლება შეგვიძლია, თუ მოვიქცევით ისე, როგორც უნდა მოვიქცეთ აცხადებს", - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ–ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით გასულ კვირას გამოქვეყნებული 15-დღიანი გაიდლაინის გადახედვას და ახალი გაიდლაინების გავრცელებას აპირებს, რომლის მიზანია ქვეყანა ნორმალურ სამუშაო ძალასა და ეკონომიკას დაუბრუნდეს.
„ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ აშენებულა, რომ დაიხუროს. არ ვაპირებთ, განკურნება პრობლემაზე უარესი გახდეს. პირდაპირ გეტყვით, თვეებს ვერ დაველოდებით, ვაპირებთ, ქვეყანა გავხსნათ", – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 21 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 471,000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული. 77 ადამიანიდან 10 გამოჯანმრთელებულია.