
ცხინვალს COVID-19-ის არ ეშინია?
27/03/2020 18:23:05 კონფლიქტები
დღეს ცხინვალში COVID-19-ზე პაციენტების პირველი ტესტირება ჩატარდა. ტესტი სულ 11 მოქალაქემ გაიარა და როგორც დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნება, ყველა შემთხვევაში უარყოფითი შედეგი აღმოჩნდა.5 ტესტ-სისტემა ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან, კერძოდ სტავროპოლიდან ჩაიტანეს. მოსკოვი უახლოესი ხანებისთვის კიდევ 500-ს არის შეპირებული. სატესტო სისტემების გამოყენების წესებს კი სტავროპოლშივე დაეუფლა ორი ოსი სპეციალისტი, რომელიც რუსეთში ცოტა ხნის წინ სწორედ ამ მიზნით გაიგზავნა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას ადგილობრივ ლაბორატორიაში შეუდგა.თავად ლაბორატორია კი, მართალია, მსგავსი კვლევებისთვის არ არის გათვალისწინებული, თუმცა როგორც მომხმარებელთა უფლებებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის კონტროლის დე ფაქტო კომიტეტის ხელმძღვანელი მარინა კოჩიევა განმარტავს, «სხვა ალტერნატივა რესპუბლიკას მაინც არ გააჩნია».მისივე თქმით, ტესტირება ჩაუტარდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც საავადმყოფოში, კარანტინში კორონავირუსზე ეჭვით მოათავსებენ.
დღესვე დე ფაქტო ხელისუფლებამ დამატებითი შეზღუდვები დააწესა ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. კერძოდ, ყველა მოქალაქე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში შორეული უცხოეთიდან და რუსეთის იმ რეგიონებიდან ჩადის, სადაც კორონავირუსია გამოვლენილი, ვალდებულია, ამის შესახებ «იუგოსპოტრებნადზორს» შეატყობინოს. გარდა ამისა, 13 აპრილამდე წყვეტენ მუშაობას ყოველგვარი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სასწავლო და სხვა საბავშვო დაწესებულებები, გასართობი, სპორტული და კომპიუტერული ცენტრები, კაფე-რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, სასურსათოსა და აფთიაქების გარდა.
მოსახლეობას კარანტინის პერიოდში ქორწილის, პანაშვიდების, ქელეხების, სარიტუალო ღონისძიებების ჩატარებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია მიეცა.
ასევე იკრძალება საჯარო მოხელეთა მიერ ოკუპირებული რეგიონის დატოვება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ სამკურნალოდ გასვლა ესაჭიროებათ ან მივლინებაში გზავნიან.
დასაქმებულ ორსულებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს შინ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ ხელფასის შენარჩუნებით.
ამავდროულად, დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა დღეს განაცხადა, რომ “სახელმწიფო მოხელეთა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადაყვანას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან ხალხი უნდა ხედავდეს, რომ ხელისუფლება მუშაობს და მათ პრობლემებს არა დისტანციურად, არამედ ადგილზე წყვეტს”.
დე ფაქტო გენპროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი კი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრების ინიციატივით გამოვიდა იმ პირთა მიმართ, რომლებიც “სხვა მოქალაქეების ვითომდა კორონავირუსით ავადობის შესახებ ცრუ ცნობების გავრცელებას დაიწყებენ”, ასევე მათ მიმართ, ვინც სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ წესებს დაარღვევს.
ამ ყველაფრის ფონზე თავად ცხინვალელები საფრთხეს ნაკლებად აცნობიერებენ. მათი უმრავლესობა კვლავინდებურად უნიღბოდ გადაადგილდება და ვერც ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების საჭიროებას ხედავს.
– რატომ არ ატარებთ ნიღაბს?
ფარიზატი: არ ვიცი, ჯერ-ჯერობით დიდი შიში არ მაქვს. ქალაქში ჯერ ინფიცირებულები არ გვყავს, შესაბამისად, არც შიშია. აწი რა იქნება - ვნახოთ. ბავშვებს ვიტამინებს კი ვაძლევ, ხშირად ვსვამთ ცხელ ჩაის ლიმონით. ჯერ-ჯერობით სულ ეს არის.
ნინა: იმიტომ, რომ არ გვყავს ინფიცირებუოები, არ გვაქვს ეპიდემია. ჩვულებრივი სეზონური გრიპიც კი არ გვაქვს. შესაბამისად, არც შიში სუფევს. ქუჩაში ვერ ვხედავ, ვინმე ახველებდეს ან აცემინებდეს. თუ ვინმე გაციებულია, ის ისედაც სახლშია – ავადაა და იმიტომ. ასე, რომ რად მინდა ნიღაბი? - ხალხი ვაშინო?! ისე, კი, სიმართლე რომ ვთქვათ, ნიღბის არტარება ჩვეულებრივი უპასუხისმგებლობაა ალბათ. თანაც არავინ არაფერს გვიცხადებს, არაფერზე გვაფრთხილებს. არავის მოუწოდებია, ყველამ ვატაროთ ნიღბები და დავიცვათ საკარანტინო ზომები.
იური: ქალაქში დაავადების შემთხვევები ჯერ-ჯერობით, საბედნიეროდ, არ გვაქვს, ამიტომაც ალბათ, ამ ეტაპზე შეიძლება, უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს თავი ავარიდოთ. რომც გაჩნდნენ ინფიცირებულები, არა მგონია, ვირუსი სწრაფად გავრცელდეს. ჩვენთან ხომ მოსახლეობა საკმაოდ მეჩხრადაა, არ ვართ იმდენი, რამდენიც ჩინეთში, მეგაპოლისებში, შესაბამისად, დისტანციაც უფრო ადვილი დასაცავია, - მთავარია, დროულად გამოავლინონ ინფიცირებულები და თავი ავარიდოთ რაღაც მჭიდრო კონტაქტებს. ამ ეტაპზე კი, ჩემი აზრით, მიღებული ზომები საკმარისია. იმედი ვიქონიოთ, რომ ეპიდემია სამხრეთ ოსეთს გვერდს აუვლის და საგანგებო ზომების შემოღება არ მოგვიწევს.
ნონა: უნიღბოდ იმიტომ ვარ, რომ არა მგონია, მან დამიცვას. ნიღაბი მათ სჭირდებათ, ვინც დაავადდა. თავს განსაკუთრებულად არ ვიცავ, უბრალოდ აღარავის ვკოცნი და ვეხვევი ქუჩაში შეხვედრისას.
მარინა:და რა საჭიროა ნიღაბი ქუჩაში? ის დახშულ სივრცეებშია საჭირო, უშუალო კონტაქტისას. მე მშვიდად ვარ, არ მეშინია. ხელ-პირს ვიბანთ ქუჩიდან დაბრუნებულები, უფრო ინტენსიურად ვიბანთ ხელებს – ერთი 30-ჯერ დღეში. ვაჰაერებთ ოთახებს, ნიორს ვჭამთ. სულ ესაა.
ზალინა: და სადაა ნიღბები გაყიდვაში?! ასე, რომ თავს ისევე ვიცავ, როგორც ყველა – პირად ჰიგიენას ვიცავ, ხშირად ვიბან ხელებს. თუ ყველა გაიკეთებს ნიღაბს, მეც ასე მოვიქცევი.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამოიყენება.