რა შემთხვევაში შეჩერდება საპენსიო შენატანები

01-04-2020 14:10:45 პოლიტიკა

ვიცე–პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე საპენსიო შენატანების შეჩერება არ იგეგმება, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი დაკარგავს სამსახურს.

„ამ ეტაპზე ეს ზომა არ არის გათვალისწინებული. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ უნდა შევაფასოთ პირველ რიგში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც შეიძლება დაკარგონ სამსახური. ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება ახლა, ამ ეტაპზე იქნება სპეკულაციური და არ შეესაბამება რეალობას. პირველ რიგში სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უკვე დაახლოებით მილიარდ 200 ათასის პაკეტი შევთავაზეთ როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს. და ბიზნესისთვის შეთავაზებული პაკეტი იყო მიმართული სწორედ იმისკენ, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები. ვინაიდან ჩვენ ჯერ ამ საგანგებო ვითარებაში ვიმყოფებით მხოლოდ დაახლოებით ერთი თვე, იმედი გვაქვს, რომ ბიზნესი შეძლებს და გამონახავს საკუთარ რესურსსაც იმისთვის რომ არ გაუშვას სამსახურიდან მისი კვალიფიცირებული პერსონალი. აქედან გამომდინარე ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ იმ ადამიანების რაოდენობას და არ შეგვიძლია შევაფასოთ თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და, შესაბამისად, ჩვენ ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით თუ რა ზომების მიღება ან რა ოდენობის თანხა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ ამ ადამიანების საბაზისო მინიმალური საჭიროებები“, - განმარტა ცქიტიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 23 ადამიანი განიკურნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები