
COVID-19 აფხაზურად: ეპიდემიოლოგიური, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ასპექტები
01/04/2020 11:38:25 კონფლიქტები
აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე 10-მდე პაციენტია გადმოყვანილი. ოკუპირებული ტერიტორიისთვის COVID-19-ის პირველი შემთხვევა სულ რაღაც ორი დღის წინ – 30 მარტს დადასტურდა და მას შემდეგ კორონავირუსი აფხაზეთსთვისაც, მთელი დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, #1 თემად იქცა, თუმცა ეპიდემიოლოგიურის გარდა, აქ საკითხს პოლიტიკური ელფერიც აქვს და კრიმინალურ-სამართლებრივიც.
რეალისტები უკვე ერთი კვირით ადრე საუბრობდნენ იმაზე, რომ აფხაზეთში ვირუსის შეღწევა მხოლოდ დროის საკითხი იყო და ბჭობდნენ, საიდან მოხვდებოდა COVID-19 “რესპუბლიკაში” – ფსოუდან, თუ ენგურიდან. ფსონი ამმხრივ რუსეთის მიმართულებაზე იდებოდა – იქ ხომ 2300-ზე მეტი ინფიცირებული იყო აღრიცხული და ფსოუც სოხუმის რეჟიმმა მხოლოდ 30 მარტს ჩაკეტა.
ასეც მოხდა: 29 მარტს, დილით 50 წლამდე ასაკის ქალბატონი აფხაზეთში რუსეთიდან შევიდა. მაგრამ სოხუმსა და თბილისს შორის პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ყურადღება გამახვილდა მის ქართულ ეროვნებასა და საქართველოს მოქალაქეობის ფლობაზე.
იმავე დღეს ქალმა ოკუპირებული ტერიტორია დატოვა, ზუგდიდში იქნა გადმოყვანილი და ახლა უკვე მესამე დღეა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ჰოსპიტალიზებული ხველით, სიცხითა და სუნთქვის გართულებით. როგორც ქართველი მედიკოსები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მთელი პირველი დღის განმავლობაში სოხუმი ქალის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის ფაქტს მალავდა და ირწმუნებოდა, რომ “საზღვარი ბოლო სამი დღე-ღამის განმავლობაში არავის გადაუკვეთია”. თუმცა 30 აპრილს, როცა განმეორებითი ტესტის პასუხიც დადებითი აღმოჩნდა, ფაქტის დამალვა შეუძლებელი გახდა.
«ჩვენი მონაცემებით… ჩვენ ინფორმაციის დამალვას არ ვცდილობთ… წინასწარი ინფორმაციით, [ტესტის] შედეგი დადებითია, ეს უნდა ვაღიაროთ. შედეგი წინასწარია და გადამოწმებას საჭიროებს, თუმცა დღეს, მთელი დღის განმავლობაში მაინც ვახორციელებდით ღონისძიებებს იმ პირთა წრის გამოსავლენად, რომლებთანაც ქალს კონტაქტი ჰქონდა აფხაზეთისკენ გზად და აფხაზეთიდან გასვლამდე. რატომღაც ყველას გასვლის ეტაპი აინტერესებს, არადა, ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საიდან შემოვიდა და გავიდა, - მთავარია, ვის ეკონტაქტა… ქალი შეუძლოდ ჯერ კიდევ გალისკენ გზაზე გახდა და პრაქტიკულად ჩასვლისთანავე იგი ზუგდიდის კლინიკაში იქნა გადაყვანილი” - განაცხადა აფხაზური ტელევიის საღამოს ეთერში კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბის წარმომადგენელმა ალხას ჯინჯოლიამ.
აფხაზურმა უშიშროებამ გამოავლინა 12 პირი, რომლებთანაც ქალბატონს აფხაზეთის ტერიტორიაზე კონტაქტი ჰქონდა. მალევე სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში ამ პირთა ვინაობა განსაჯაროვდა. მათგან 7 ამ დროისთვის ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ ანაკლიის საკარანტინო ზონაშია გადმოყვანილი.
მისმა განცხადებამ აფხაზეთში ატომური ბომბის აფეთქების ეფექტი იქონია, ტელეგადაცემის დასრულების შემდეგ კი ეკრანზე გაჩნდა მორბენალი სტრიქონი: დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას განკარგულებით, გალისა და ოჩამჩირეს რაიონებს შორის გადასასვლელი იკეტება”. ამ დროისთვის გალის რაიონის მაცხოვრებლები თვითიზოლირებულები არიან, რაიოში შესვლა და გასვლა მხოლოდ თანამდებობის პირებს, მესაზღვრეებსა და კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებს შეუძლიათ. ძალოვანები ატარებენ ასევე სპეცტექნიკას: სასწრაფო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მანქანებს. ამასთან, ყველას, ვინც გალიდან გადის ან შედის, უზომავენ სიცხეს, “სახელმწიფო ავტოინსპექციის” სტაციონარულ პუნქტ «კანალზე» მუშაობს მედიკოსთა ამბულატორიული სადგური.
“რაღა თქმა უნდა, ეს ისტორია უამრავ კითხვას იწვევს. მაგალითად, რატომ გვარწმუნებდნენ მთელი დღის განმავლობაში, რომ საქართველოსთან საზღვარი მთელი სამი დღე-ღამის განმავლობაში არავის გადაუკვეთია? როგორი იყო ქალის მდგომარეობა, როდესაც ის “ფსოუს” სასაზღვრო პუნქტს კვეთდა? ზოგიერთები ამბობენ, შესაძლოა, სიცხემ მხოლოდ საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ აუწიაო, თუმცა მანამდე რამდენიმე დღით ადრე მსმენია, რომ საზღვარზე არსებული თერმოვიზორი მწყობრიდანაა გამოსული... სოცქსელებში წავიკითხე, «ჩვენ რა, საკუთარი თავის მტრები ვართ?!»; «ვიღაც-ვიღაცები მტრის დივერსიაზე საუბრობენ, მაგრამ ასეთი მიდგომით მტერიც არ გვჭირდებაო» - წერს ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი მიმომხილველი.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინის შემოღების შემდეგ დე ფაქტო შსს-ში ცხელი ხაზი ამოქმედდა. უწყებასთან დაკავშირება შესაძლებელია როგორც ტელეფონითა და ელექტრონული ფოსტით, ისე Facebook-ის, Telegram-ის და WhatsApp-ის მეშვეობით. ამ დროისთვის ზარების უმრავლესობა ცალკეული მოქალაქეების მიერ საკარანტინო რეჟიმის დარღვევას, ასევე ფასების ხელოვნურ ზრდას უკავშირდება. იყო ასევე რამდენიმე ზარი კორონავირუსზე არასანქცირებული ტესტირებების ჩატარების თაობაზე.
ცხელი ხაზის პრინციპით ამოქმედებულია ფსიქოლოგიური სამსახურიც თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფთათვის.
“რა თქმა უნდა, რთულია, სულ სახლში იჯდე, მაგრამ რა გაეწყობა? - მდგომარეობა მოითხოვს. ჩვენი სამსახური ახლა დისტანციურ რეჟიმზე გადაწყობას ცდილობს, ასევეა ჩემი დასაქმებული ნაცნობების უმრავლესობაც. ბევრმა ონლაინ-რეჟიმში თვითგანათლებას მიჰყო ხელი, ბევრმა – კულინარიული უნარების დახვეწას. ზოგი უბრალოდ წიგნებს კითხულობს… მოკლედ – ვინ როგორ… ყველა ვცდილობთ, თავი ხელში ავიყვანოთ და რამენაირად გადავაგოროთ ეს მძიმე პერიოდი… ხანდახან ვაგდებ ტელეფონს და ვამბობ, რომ აღარ მივეკარები: ყოველწამიერად შემოდის ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, ადამიანებზე, რომლებიც იტანჯებიან… ეს, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად ძალიან მოქმედებს. თუმცა იმედი მაქვს, ამ ჭირს აუცილებლად გადავიტანთ. მთავარია, ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებსა და წესებს დავემორჩილოთ” – განუცხადა “აქცენტს” სოხუმის მაცხოვრებელმა.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება