"საპატრიარქოსთან კორდინაციაში ვართ არა მხოლოდ შს სამინისტრო, არამედ მთელი მთავრობა"

01-04-2020 16:12:13 პოლიტიკა

როგორ იმოქმედებს საქართველოს შს სამინისტრო აღდგომის ბრძწყინვალე დღესასწაულზე, ამ ეტაპზე უცნობია.

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს შეახსენა, რომ აღდგომის დღესასწაულამდე ორი კვირაა.

„საპატრიარქოსთან კორდინაციაში ვართ არა მხოლოდ შს სამინისტრო, არამედ მთელი მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით. აღდგომა მოდის, თუმცა მანამდე ორი კვირაა და იქამდე შევჯერდებით, თუ როგორი ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით. ორ კვირაში რა იქნება, მსოფლიოში არავინ იცის და წინასწარ ნამდვილად ვერ დავგეგმავდით“,– განაცხადა ვახტანგ გომელაურმა .

ცნობისთვის: მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 19 აპრილს ზეიმობს.

ამ დროისთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და დაწესებულია მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის – აკრძალულია სამ პირზე მეტის თავშეყრა, ღამის ცხრა საათიდან დილის ექვს საათამდე ქალაქში გადაადგილება.

დღეს სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპიროდონმა (აბულაძე) განაცხადა, რომ „წირვა საკურთხეველში რომ ჩატარდეს, მრევლმა სოციალური დისტანცია დაიცვას ტაძარშიც და გარეთაც და ისე ეზიარონ, ეს არის ის, რასაც ჩვენგან ექიმები ითხოვენ (ანუ სოციალური დისტანციის დაცვა), და ამას რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნით შევასრულებთ“

რაც შეეხება წირვა-ლოცვის დროებით შეჩერებას, მისი შეფასებით, ეს არის ეკლესიის დევნა.

„დანარჩენი, ანუ წირვის გარეთ ჩატარება და ტაძარში ხალხის არ შეშვება (მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანციის მოთხოვნა დაცული იქნება), მიგვაჩნია მცდელობად მღვდელმთავრისა და სამღვდელოების საკურთხევლიდან და ტაძრიდან და ხალხის ტაძრიდან გამოგდებისა და შესაბამისად მიგვაჩნია ეკლესიის დევნად. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, შეიძლება ჩვენივე ხელით ტაძრები დაგვაკეტინონ. სდექით მტკიცედ და შეურყევლად“, - წერს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები