Accentnews.ge
COVID-19 საოკუპაციო ხაზებს შლის

COVID-19 საოკუპაციო ხაზებს შლის

02/04/2020 09:15:14 კონფლიქტები

ამ დროისთვის ანაკლიის საკარანტინო ზონაში ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოყვანილი 13 პირი იმყოფება. მათგან შვიდს კონტაქტი ჰქონდა თავად აფხაზეთში რუსეთიდან ჩასულ და შემდეგ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილ ქალთან, რომელიც ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. იქვე – ანაკლიის ზონაში გადის მკურნალობას გალის ოკუპირებული რაიონის კიდევ 6 მაცხოვრებელი, მათგან ერთი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გასულ ღამეს გადმოიყვანეს.

«გალის რაიონის სოფელ საბერიოს შვიდივე მკვიდრი, რომელსაც ინფიცირებულ ქალთან ჰქონდა კონტაქტი, ამჟამად მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ვინაიდან ეს მაღალი რისკის შემთხვევებია, ეს პირები კარანტინში გადაიყვანეს. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სულ ორი პაციენტია დადასტურებული კორონავირუსით. იქვე გადაიყვანეს კიდევ ერთი – 67 წლის მამაკაცი აფხაზეთიდან. მისი ბიოლოგიური მასალები კვლევაზეა გადაგზავნილი. ამ მამაკაცს ინფიცირებულ ქალთან კონტაქტი არ ჰქონია. ახლა ტესტების შედეგებს ველით. იქვე იმყოფება კიდევ ოთხი ადამიანი – ორი ბავშვი მშობლებითურთ, რომელთაც სავარაუდოდ, დღეს გავწერთ» - განუცხადა ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

რაც შეეხება ანაკლიის საკარანტინო ზონას, იზოლაციაში ამ დროისთვის 80-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, მათ შორის – გალის ოკუპირებული რაიონის სოფელ საბერიოს შვიდი მკვიდრიც, 220 მოქალაქე მთელი რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება, 500 უკვე გამოვიდა. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით იმყოფება ერთი ადგილობრივი და გალის ოკუპირებული რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრი.

წინა დღეებში სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი პროგნოზირებდა, რომ ოკუპირებული რეგიონებიდან მომართვიანობა გაიზრდებოდა, ამიტომაც ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა, უმოკლეს ვადებში აემოქმედებინა სამედიცინო ცენტრი ე.წ. საზღვრისპირა სოფელ რუხში. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გიოეგი გახარიამ განაცხადა, რომ ამ ცენტრს აქვს შესაძლებლობა, როგორც სამეგრელოს, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრ პაციენტებს მოემსახუროს.

«უახლოეს დღეებში აქ ამოქმედდება 100-მდე ადგილი, რომელიც ჩვენს ინფიცირებულ მოქალაქეებს მოემსახურება. იქნება ასევე შესაძლებლობა, ამოქმედდეს საკარანტინო ზონები, აქ სასტუმროც არის. ბევრი ადამიანი გადმოდის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან. ბუნებრივია, ჩვენ დავეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს» - აღნიშნა მან.

კლინიკის მზადების დეტალები ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გააცნო.

«ვფიქრობ, იმისათვის, რომ კლინიკა მზად იყოს კორონავირუსთან საბრძოლველად საბაზისო სერვისების მიწოდებისთვის, 2-3 კვირა დაგვჭირდება. უპირეველსად, ბუნებრივია, იგულისხმება იზოლირებული ოთახები, რომლებშიც სპეციალისტები პაციენტებს დახმარებას აღმოუჩენენ. შესაძლებელი იქნება ასევე საბაზისო ლაბორატორიული კვლევები. დამონტაჟდება ხელოვნური სუნთქვის აპარატები. მიმდინარეობს მუშაოება პერსონალთან, ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებთან. მსგავს კლინიკებს მცირე ინფრასტრუქტურა აქვთ და პაციენტების ნაკადთან გამკლავება გაუჭირდებათ»,–აღნიშნა "აქცენტის" კითხვის საპასუხოდ მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება მთლიანობაში რეგიონში არსებულ ვითარებას, ტარდება მოსახლეობის თერმოსქრინინგი. ამჟამად მედიკოსები სახლში უმოწმებენ სიცხეს სოფელ ზედა ეწერის ყველა მცხოვრებს: სწორედ ამ სოფლის მკვიდრია მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი გამოუვლინდა (ერთ-ერთი იმ ორი პაციენტიდან, რომელიც ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება). შემოწმება ჩაუტარდა უკვე 800 ადგილობრივს”, - აცნობა ჟურნალისტებს რეგიონის გუბერნატორმა და დასძინა, რომ ნორმაზე მაღალი სიცხე არც ერთს არ აღმოაჩნდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S