კობახიძე – არჩევნებზე: "არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ყველაფერი დროში ჩაეტევა"
02/04/2020 14:24:13 პოლიტიკა
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ყველაფერი სათანადო დროში ჩაეტევა". ამის შესახებ მან არჩევნების შესაძლო გადავადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს იმედი, რომ არჩევნები სტანდარტულ დროს – 31 ოქტომბერს ჩატარდება.
„გვქონდა კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევჯერდით ყველაზე მჭიდრო ვადებზე, რა ვადებშიც არის შესაძლებელი კონსტიტუციური კანონის მიღება, ეს არის დაახლოებით 2 კვირიანი ვადა. როგორც კი ამოიწურება საგანგებო მდგომარეობა და ჩვენ გავქვს იმედი, რომ მალე დასრულდება ეს მოცემულობა, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ ოპოზიციასთან ერთად კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სტანდარტულ ვადებში ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები. ეს ყველაფერი მთლიანობაში არ არის მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და შესაბამისად საქართველოში, თუმცა, არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ყველაფერი სათანადო დროში ჩაეტევა, შესაბამისად, ჩვენ შევძლებთ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ზაფხულისთვის და უფრო ადრეც იმედია და შევძლებთ, რომ 31 ოქტომბერს როგორც გათვალისწინებულია კონსტიტუციით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


